სიახლეები
-
24 ივლისი 2019
თქვენი რეკლამა
„ბათუმი რივიერა“ - „სილქ როუდ ჯგუფი“ მილიარდიანი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობისთვის ემზადება
„ბათუმი რივიერა“ - ასე ეწოდება ახალ მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლის აშენებასაც „სილქ როუდ ჯგუფი“ „საქართველოს თანაინვესტირების“ ფონდის მხარდაჭერით ბათუმში გეგმავს. ეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცე იქნება.
ბათუმის საკრებულომ ბათუმის მერიას უკვე დაავალა ადმინისტრაციული წარმოების დაწყება „რივიერას“ ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მომზადება.
პროექტს დამტკიცების შემთხვევაში, ადგილზე განთავსდება 5 მაღალსართულიანი შენობა. კერძოდ, სხვადასხვა გასართობ-დასასვენებელი ობიექტი. კომპლექსის ბოლო სართულზე მოეწყობა ვერტმფრენისთვის განკუთვნილი მოედანიც, საიდანაც ფრენები განხორციელდება კურორტ გოდერძის და მესტიის სამთო-სათხილამურო კურორტების მიმართულებით.
ამას გარდა გათვალისწინებულია 2 ჰექტარი მიწის ფართობის გამწვანება და კეთილმოწყობა. აშენდება ამფითეატრი და მოეწყობა საზოგადოებრივი თავშეყრისათვის განკუთვნილი სივრცე. მწვანე ფასადის იქნება ასევე ყველა მაღალსართულიანი ნაგებობა.პროექტი ასევე გულისხმობს 2000 სტუმარზე გათვლილი კონგრესცენტრის აშენებას, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და ნებისმიერ სტუმარს, მთელი წლის განმვალობაში, სხვადასხვა პროფილის მომსახურებას შესთავაზებს.
ამ ყველაფერთან ერთად “ბათუმის რივიერა“ თავისი დანიშნულებისა და სპეციფიკის გამო, გათვლილია არა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, არამედ, აქ მთელი წლის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ მაღალი დონის სხვადასხვა სახის სერვისით ისარგებლონ.„ პროექტი კანონის სრული დაცვით შევიმუშავეთ და მან გაიარა ყველა სახის კონსულტაცია დარგის წამყვან სპეციალისტებთან. უახლოეს დღეებში ველოდებით ჰიდროლოგიურ-საინჟინრო დასკვნას გამოცდილი იტალიელი სპეციალისტისგან, რომელმაც შეისწავლა ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი ნაგებობების აშენების მიზანშეწონილობა და ასევე არსებული გეოლოგიური დასკვნა. იტალიური საინჟინრო სტუდია, (http://www.colleselligeotecnica.it/projects.asp) რომელიც ვენეციის ახალი და ძველი პორტების პროექტზე მუშაობდა, გაგვიწევს კონსულტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ლაგუნის ზღვასთან დაკავშირება. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა მოთხოვნას , ვმოქმედებთ კანონის სრული დაცვით და ველოდებით გრგ-ს დავალების მიღებას“,- განმარტავს „ბათუმი რივიერას“ ხელმძღვანელი გოგა კაპანაძე.
პროექტის ჯამური ინვესტიცია, დაახლოებით მილიარდი ლარია და მისი განხორციელების შემთხვევაში ობიექტზე 1000 ადამიანის დასაქმება იგეგმება. პირველი ფაზის დასრულების შემდეგ აჭარის ბიუჯეტში შეტანილი ქონების გადასახადი ყოველწლიურად დაახლ. 1.2 მილიონი დოლარი იქნება, პროექტის სრულად დასრულების შემდეგ კი - დაახლ. 7 მლნ დოლარი .
შეგახსენებთ,“ რივიერას„ ტერიტორია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2006 წელს 10,086,000 ლარად საგადასახადო ორგანოს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე შეიძინა.
პირველი ფაზის მშენებლობა 2019 წელს იგეგმება და დაახლოებით სამი წელი გაგრძელდება. მისი სრული ღირებულება, 73. 5 მლნ. დოლარია, ხოლო პროექტირების ფასი - 2.5 მლნ. დოლარზე მეტია.