სიახლეები
-
05 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
სასმელების კომპანია „ხალისი“ ხარაგაულში ქარხნის მშენებლობას გეგმავს
უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე 2 თვის შემოსული კომპანიის პროდუქციით ამერიკელები და ფინელები დაინტერესდნენ. როგორც „კომერსანტთან" „ხალისის" დამფუძნებელი მამუკა კარელიძე აცხადებს, ეს წვენი არ არის, ეს არის აღმოსავლური სუნელების და ქართული ხილ-კენკრის მიქსი, რომლის გემოვნური თვისებებით უცხოელები ძალიან დაინტერსდნენ. თუმცა, როგორც კარელიძე ამბობს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს.
მისი თქმით, ამჟამად კომპანია წვენს 1 ლიტრიან მინის ქილებში უშვებს, რაც მაგალითად, ამერიკელი პარტნიორებისთვის მიუღებელია. მისი ინფორმაციით, ამერიკელები წვენს 300 გრამიან ქილაში ითხოვენ. „ამჟამინდელი ძალებით, მათ სტანდარტებს და მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ"-აცხადებს კარელიძე.
მისი ინფორმაციით, იმისთვის, რომ კომპანიამ უცხოელი პარტნიორების მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ექსპორტზე გავიდეს, ფინანსური რესურსებია საჭირო. აქედან გამომდინარე, კომპანია სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" იღებს მონაწილებას, 320 000 ლარით დაფინანსების შემთხვევაში კი ხარაგაულში ქარხნის მშენებლობას გეგმავს. „ეს გააიაფებს პროდუქტს და ხარისხს ამიმაღლებს"-აცხადებს კარელიძე.
რაც შეეხება უშუალოდ პროდუქტს, კარელიძე ამბობს, რომ ქართველმა მომხმარებელმა ახალი პროდუქტი მეტნაკლები წარმატებით მიიღო.
ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული უგაზო და უალკოჰოლო სასმელი ამჟამად ვაკე-საბურთალოს, დიდი დიღმის და თემქის ტერიტორიაზე იყიდება.
კომპანია ამჟამად ორი სახის სასმელს აწარმოებს. კერძოდ, ატმის, გარგრის და ჭერამის მიქსს და ასევე ჟოლოს, ალუბლის და მარწყვის მიქსს. სასმელი 1-ლიტრიან ქილებშია და მისი გასაყიდი ფასი 4 ლარია.საწარმო ამ დროისთვის გორში მდებარეობს.