მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  ივნისი  2019

    კანონის რა ხარვეზი უწყობს ხელს უხარისხო მშენებლობას

    სახელმწიფო შეკვეთით უხარისხოდ შესრულებული სამშენებლო სამუშაოები საკანონმდებლო ხარვეზების ბრალია, - მიიჩნევენ არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში" (IDFI). ამ დასკვნამდე კი მეტრო „ახმეტელის“ რეკონსტრუქციაზე გამოცხადებული ტენდერის შესწავლის შემდეგ მივიდნენ. როგორც IDFI-ში ამბობენ, რისკების შესამცირებლად საჭიროა ქვეკონტრაქტების გაფორმების აქტიური მონიტორინგის სისტემის დანერგვა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს არა მარტო ხარისხს, არამედ შესაძლო კორუფციულ გარიგებებსაც თავიდან ააცილებს. ორგანიზაციამ კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც საკუთარი რეკომენდაციებიც აქვთ პრობლემების მოსაგვარებლად. კვლევის შესახებ „მაესტროს“ კითხვებს IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი ლომთაძემ უპასუხა.

    პირველ რიგში, მინდა გკითხოთ თქვენი რეკომენდაციის შესახებ, რომელიც პრობლემის მოსაგვარებლად გაქვთ. კონკრეტულად, როგორ უნდა განხორციელდეს ეს რეკომენდაცია?

    მცირე დაზუსტებას გავაკეთებ, ჩვენი კვლევის მთავარი მიზანია ხარისხის კონტროლი არ იყო, ის უფრო გამჭირვალობის საკითხს ეხება, ანუ იმას, თუ როგორ აჩენს გარკვეული რეგულაციის ნაკლებობა შანსს, რომ კომპანიები ერთმანეთში შეთანხმდნენ და გარკვეულწილად, სახელმწიფოს ხარჯზე ან ზედმეტი თანხა მოითხოვინ, ან რეალურად მივიღოთ, პრინციპში, უხარისხო სამუშაოც. ჩვენ აქ გვქონდა საუბარი არა ვარკეთილის მეტროს შემთხვევაზე, არამედ ახმეტელის მეტროს შემთხვევაზე, სადაც იგივე კომპანია („ყვარელ რემ მშენი“), რომელზეც აგორდა ეს მთელი ვნებათაღელვა, რომ იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, ასევე მონაწილეობდა მეორე ტენდერში, რომელშიც გარკვეული გარემო პირობები და ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ შესაძლოა გარკვეული შეთანხმება ყოფილიყო ორ კომპანიას, შპს „ყვარელ რემ მშენსა“ და შპს „დამბას“ შორის. მას შემდეგ, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებით ითქვა, რომ ამ ტენდერშიც შემსრულებელი იყო „ყვარელ რემ მშენი“, იმის მიუხედავად, რომ დისკვალიფიკაცია მიიღო, ჩვენ დავინტერესდით, გადავამოწმეთ სატენდერო დოკუმენტაცია და ის ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ამ კომპანიას ჰქონდა სხვა ტენდერებში. იქ შემთხვევით იყო ატვირთული ეს ხელშეკრულება შპს „დამბასთან“, რომლის მიხედვით ის შეასრულებდა ახმეტელის მეტროს სამუშაოებს. ამ კვლევაში ჩვენ რასაც ვამბობთ ისაა, რომ იმის გამო, რომ ქვეკონტრაქტების შესახებ ინფორმაცია არ აიტვირთება, არ არის ვალდებულება აიტვირთოს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე, ძალიან რთულია მსგავსი შემთხვევების აღმოჩენა. საჭიროა, ჯერ ერთი, რომ უფრო დეტალურად იყოს გაწერილი დეფინიცია და განმარტება რა არის ქვეკონტრაქტორი, რამდენი შეიძლება იყოს მაგალითად ქვეკონტრაქტირების მაქსიმალური ზღვარი...

    ამისთვის კანონმდებლობაში ცვლილებები უნდა შევიდეს?

    დიახ. ერთადერთი ჩანაწერი, რაც დღეს გვაქვს ევროკავშირის პრაქტიკიდან გამომდინარე, არის დანართი #2, რომელიც მე-18 ბრძანებას თან ახლავს. იქ არის შესაძლებლობა ვიკითხოთ, გავიგოთ სატენდერო დოკუმენტაციის შედგენისას იქნება თუ არა ქვეკონტრაქტორი კონკრეტულ სამუშაოზე. ამას კომპანიას ვეკითხებით. თუ - იქნება, მაშინ გარკვეული კრიტერიუმებიც შეიძლება უკვე შემსყიდველმაც წამოაყენოს. ეს ერთადერთი ჩანაწერია.

    თქვენ ასევე გაქვთ პოზიცია, რომ ქვეკონტრაქტზე უნდა იყოს დაწესებული ზედა ზღვარიც.

    იცით, ეს რითია განპირობებული?! ზედა ზღვარი, ანუ ის თუ რამდენი პროცენტი შეიძლება იყოს მეორე კომპანიაზე ქვეკონტრაქტით გაფორმებული და რატომ ვამბობთ ამას. შეიძლება ერთმა კომპანიამ დააკმაყოფილოს ყველა კრიტერიუმი, სატენდერო დოკუმენტაციაც ბრწყინვალედ ჰქონდეს, მაგრამ სამუშაო შეასრულოს - ნული. მაშინ, როდესაც სხვა კომპანია, რომელმაც ვერ მიიღო მონაწილეობა გარკვეული მიზეზები გამო, ვთქვათ ინტერესთა კონფლიქტის გამო, ვთქვათ რაღაც ნათესაური კავშირი აკავშირებდა, ან სატენდერო კომისიის რომელიმე წევრთან, ან თავად შემსყიდველთან, ვერ მიიღო მონაწილეობა, ის ავტომატურად დისკვალიფიცირებული იქნებოდა, ამის გამო უბრალოდ ქვეკონტრაქტორად გაუფორმდა იმ კომპანიას, რომელმაც ტენდერი მოიგო. ამის შესაძლებლობა არის. იმის მიუხედავად, რომ ბერკეტი არსებობს და ეს არის, რომ შემსყიდველი თვითონ გასცემს ნებართვას იმაზე, რომ ქვეკონტრაქტი გაფორმდეს. ამის მიუხედავად მაინც, შეიძლება რიგ შემთხვევაში შემსყიდველები მოტივირებულები იყვნენ, სამუშაო იყოს შესრულებული და ამიტომ უცებ, შესაძლოა ყოველგვარი შემოწმების გარეშე გაუფორმონ ქვეკონტრაქტი. დავაზუსტებ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ამის პოტენციური რისკი არსებობს, იმის გამო, რომ არ არის გამჭირვალობის მაღალი დონე ქვეკონტრაქტების შემთხვევაში.

     

     

     


პარტნიორები