სიახლეები
-
05 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით დარიალის ხეობაში გვირაბი აშენდება
ხელისუფლება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას იწყებს – დარიალის ხეობაში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის გვირაბი აშენდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე რადიო „კომერსანტთან" აცხადებს, დევდორაკის ხეობა არის დიდი მყინვარის ენის გამოგრძელება, სადაც ვითარდება მეწყერული მოვლენები და ეს ისტორიულად ძალიან რთული ადგილია.
სეთურიძე ამბობს, რომ პრევენციული ზომები, რომლებსაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ატარებს, არის დროებითი და მიდის მუშაობა გაცილებით უფრო სრულყოფილ ალტერნატივაზე. მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ეს იქნება გვირაბი, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყება. სეთურიძის თქმითვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაფინანსების თაობაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას , გვირაბის მშენებლობა კი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. სეთურიძე მასშტაბური პროექტის სავარაუდო ღირებულებას ამ ეტაპზე არ ასახელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განცხადებით დღეს ხეობაში სპეციალური სამსახურები აკონტროლებენ სიტუაციას – მყინვარის მოქმედებას, ასევე ამინდისგან გამოწვეულ მეწყერულ მოვლენებს იმისათვის, რომ უბედურება არ მოხდეს.
მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა- ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.
ხეობაში გზის გახსნა დღეს საღამოდან იგეგმება.
გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი და ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.