სიახლეები
-
22 აპრილი 2019თქვენი რეკლამა
მეტრო სარაჯიშვილთან 120 მილიონიანი პროექტი, სამშენებლო რეგულაციების გამო დაპაუზებულია
მეტრო „სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის დაწყება ჭიანურდება. პროექტის მშენებლობა 2017 წელს იყო დაანონსებული, თუმცა, ამოქმედებული სამშენებლო რეგულაციების და გამკაცრებული ნებართვების გაცემის გამო ამ დრომდე ვერ დაიწყო.
პროექტის განმახორციელებელი კომპანია „გრაპა კაპიტალის“ დამფუძნებელი მინდია გურგენიძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ სარაჯიშვილის პროექტი მერიის გადაწყვეტილების მოლოდინშია. როგორც ბიზნესმენი აცხადებს, კომპანიას უკვე მიღებული აქვს გრგ, თუმცა, გასულ წელს ამოქმედებული რეგულაციის შედეგად, შესაძლოა ეს გრგ თავიდან შესათანხმებელი გახდეს.
როგორც ცნობილია, ნებართვის გაცემამდე ტრანსპორტის თვალსაზრისით თავიდანვე უნდა მოხდეს გათვლა, თუ რამდენად შესაძლებელია იმ კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტული საცხოვრებელი ფართების აშენება, რომ შემდეგ იქ მცხოვრებ ადამიანებს ტრანსპორტთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნათ და ზოგადად, ქალაქში კოლაფსი არ გამოიწვიოს. ხდება ნაკადების მართვა, დათვლა და ამის შედეგად გაიცემა ნებართვები. გურგენიძე განმარტავს, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო დაუბრუნა უკან მერიამ გრგ და მასში სატრანსპორტო ნაწილის გათვალისწინება სთხოვა.
„მე რომ ეს ნაწილი გრგ-ეში ავსახო, ის შეთანხმებული დოკუმენტი აღარ ვარგა, ანუ ძველთან შესაბამისობაში არ მოდის. ძველი გრგ-ე 3 წელი ვამტკიცებდი და ახლა ის ეტაპები თავიდან მაქვს გასავლელი,“ - აცხადებს გურგენიძე.პროექტის მიხედვით მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი მოიცავს აპარტ-ჰოტელებს, კომერციულ და საოფისე სივრცეს, ასევე სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ და საინვესტიციო ფართებს. მოლაპარაკება მიმდინარეობდა რამდენიმე საერთაშორისო ბრენდთან, მათ შორის ერთ-ერთი IBIS - სთან. ბრენდული სასტუმრო 120 ნომრიანი იქნება.
კომერციული ფართები 70 ათას კვადრატულ მეტრზე იქნება განთავსებული. აშენდება 10 კორპუსი, ეზო ინფრასტრუქტურულად მაღალი სტანდარტების შესაბამისად იქნება განვითარებული: მოეწყობა ველობილიკები, 360 ბავშვზე გათვლილია სკოლა, 180 ბავშვზე - საბავშვო ბაღი, ბავშვთა გასართობი სკვერები, პარკები, ჩოგბურთის კორტები, აუზები, ფიტნეს ცენტრი, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები.
იგეგმება კომპლექსის ალტერნატიული ენერგიით მომარაგება, მზის პანელების დამონტაჟება და 10-მეგავატიანი ელექტროსადგურის მოწყობა, რაც პოტენციურ მყიდველს შეუქმნის ენერგოეფექტურ გარემოს, მეტ კომფორტს ნაკლებ ფასად.
კომპლექსი 43 ათას კვადრატულ მეტრზე აშენდება. 2 დონიანი პარკინგის მოწყობა მიწისქვეშ არის გათვალისწინებული, განიხილება ცალკე ტერიტორიის შეძენა, სადაც ასევე საპარკინგე სივრცე იქნება.„გრაპა კაპიტალის პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი ზონა „სარაჯიშვილის მეტროს საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდება. პროექტის დასრულების თარიღი 2022 წელია. საინვესტიციო ღირებულება კი 120 მილიონ დოლარს შეადგენს.




