მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  თებერვალი  2019

    ორი წლის განმავლობაში დაპაუზებული ტეხურის კასკადის მშენებლობა მთავრობასთან რამდენიმე კვირაში შეთანხმდება

    ორი წლის განმავლობაში ადგილობრივ მთავრობასთან შეუთანხმებლობის გამო დაპაუზებული ტეხურის კასკადის მშენებლობა ისევ არ დაწყებულა. ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ტეხური ენერჯის“ გენერალურმა დირექტორმა მოგელი ტყებუჩავამ განუცხადა. როგორც ცნობილია, პროექტის ინვესტორი ისრაელური კომპანია „რაზგალ ენერჯია“.


    ისრაელელი ინვესტორები მარტვილის რაიონის სოფელ ლებარდეში 3 მცირე ჰესის მშენებლობას და კურორტ „ლებარდეს“ განვითარებას გეგმავენ. დღეს მოგელი ტყებუჩავა აცხადებს, რომ პროექტი საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში მოექცა და ინვესტორთან მოლაპარაკებებს ახლა აღნიშნული სააგენტო განახორციელებს.



    ამის მიზეზი კი მთავრობის მიერ 2018 წლის 1 ივნისიდან ძალაში შესული „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი“ გახდა. მისი განმარტებით, ადრე ეს პროცესი მთავრობის დადგენილებით რეგულირდებოდა.

     

    ტყებუჩავას ინფორმაციით, ტეხურა კასკადის მიერ გამომუშავებულ 1კვტ ელექტროენერგიას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი (ესკო) 6 ცენტად იყიდის.



    მისივე თქმით, ებრაული კომპანია ტეხურის კასკადის მშენებლობაზე 223-228 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. პროექტი მოიცავს მდინარე ტეხურაზე 3 მცირე ჰესის მშენებლობას, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 114 მეგავატი იქნება.


    რაც შეეხება კურორტ ლებარდეს განვითარებას, ტყებუჩავა აცხადებს, რომ ებრაული კომპანია კურორტის განვითარებით დაინტერესებულია.


    პრემიერის დაქვემდებარებაში ახლად შემქნილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო გუშინ ამოქმედდა და ის აღნიშნულ პროექტში ერთგვარი პარტნიორი ხდება. ტყებუჩავას განცხადებით, უახლოეს 10 დღეში ინვესტორი სააგენტოს ფარგლებში საჯარო და კერძო ინტერესებს შეათანხმებს. უკვე ამის შემდეგ დაიწყება სამშენებლო, მოსამზადებელი სამუშაოები.

     

     


პარტნიორები