სიახლეები
-
15 იანვარი 2019
თქვენი რეკლამა
ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის ბიუჯეტში 11 მლნ ჩაიდო
2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 11 მლნ ლარია გთვალისწინებული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 262 მლნ ლარია.
პროექტის განმახორციელებელია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„აღნიშნული საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობის სამუშაოები ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაჩქარებულ მშენებლობას. აღნიშნული გზა და რკინიგზა შემდგომში გამოყენებული იქნება ტვირთბრუნვისათვის. აშენებული 18 კმ-მდე საავტომობილო გზა და რკინიგზა; ადგილობრივი მოსახლეობის ამაღლებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა“, - ნათქვამია პროექტის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის 2018 წლის ბიუჯეტშიც 11 მლნ ლარი იყო ჩადებული, მაგრამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 3 ჯერ გამოცხადებული ტენდერი უშედეგოდ დასრულდა. ბოლო, მესამე ტენდერში 5 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა კომისიამ ყველა მათგანის დისკვალიფიკაცია მოახდინა.ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა და მისი ვინაობა უახლოეს პერიოდში გამოცხადდება და როგორც ანაკლიის კონსორციუმში აცხადებენ, გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გადავა.
„გარდა ამისა, ანაკლიის პორტში დაიწყება უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეების დამონტაჟება. ამ სამუშაოებზე 2000 - ზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და მათ განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა ექვსმა ლიდერმა საპორტო ამწე დანადგარების სფეროში მოღვაწე კომპანიამ მიიღო. შერჩევა ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam“- თან ერთად მიმდინარეობდა. ტენდერის გამარჯვებული მალე გამოცხადდება“, - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
კომპანიის ინფორმაციითვე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. ამ დროსთვის დასრულდა მასშტაბური საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი და უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე ამოტუმბა და ხმელეთზე განათავსა 5 მილიონი კუბური ქვიშა.
რეკლამაციასთან ერთად დასრულდა წამყვანი ჰოლანდიური კომაპანია „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი და პორტის ტერიტორია მომზადდა საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული.
პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.ტეგები