მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 19  დეკემბერი  2018

    თიბისის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები იწყება

    თიბისის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები იწყება. "თბილისის ბიზნესცენტრის" მშენებლობას 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე საფუძველი თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და ბადრი ჯაფარიძემ ჩაუყარეს. ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადგილზე გაიმართა, სადაც ახალი სათავო ოფისი და მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაშენდება.

    პროექტი, რომლის მშენებლობაც თიბისიმ გასულ წელს ბანკის 25-ე იუბილეზე დაანონსა, მთლიად თანამედროვე და ინოვაციურ ტექნოლოგიებს ეფუძნება. 13 ჰექტარზე გაშენებული კომპლექსი 2 000 თანამშრომელზეა გათვლილი, მთლიანად განახლებად ენერგიაზეა დამყარებული და მინიმალური რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს.

    პროექტი 80/20 კონცეფციას ეფუძნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიის მხოლოდ 20%-ზე განხორციელდება მშენებლობა, 80% კი გამწვანებასა და რეკრეაციული ზონების მოწყობას დაეთმობა.

    თიბისის ახალი სათავო ოფისი ითვალისწინებს ისეთი შენობა-ნაგებობების მშენებლობას მწვანე ლანდშაფტში, სადაც ტერასულად გაშენდება მცენარეები და ჯანსაღი ეკოსისტემა შეიქმნება.



    "თბილისის ბიზნესცენტრის" ერთ საჯარო სივრცეში გაერთიანდება სამი ძირითადი პროექტი:


    თიბისის სათავო ოფისი;
    ინოვაციების ლაბორატორია - ახალი ცენტრი კვლევისა და ახალი იდეების გენერირებისთვის;
    კულტურული ჰაბი: გალერეის, რესტორნისა და საერთო სამუშაო სივრცის შერწყმა, რაც აქტიური ინტერაქციის შესაძლებლობას იძლევა;

    "თბილისის ბიზნესცენტრის" ადგილმდებარეობა მისი დიზაინის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლისის ტბის ბუნებრივი ლანდშაფტის ფონზე ახალი საოფისე კომპლექსი მწვანე გარემოს ნაწილი გახდება, სადაც დედაქალაქის ურბანულ ელემენტებს ვენახებით გამდიდრებული ბუნებრივი ლანდშაფტი ენაცვლება.


    "დღეს ვიწყებთ თბილისის ბიზნეს ცენტრის მშნებლობას და გვიხარია, რომ ფუნდამენტის გაჭრის მშენებლობა ჩვენს დაბადების დღეს დაემთხვა. მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერიასა და საკრებულოს პროექტის დამტკიცებისათვის. ეს იქნება ძალიან სერიოზული, თანამედროვე ნაგებობა, რომელშიც დანერგილი იქნება უახლესი ტექნოლოგიები. ჩვენ კიდევ უფრო მეტად შევუწყობთ ხელს დამწყებ ბიზნესმენებს, სტარტაპერებს და მათთვის მოვაწყობთ არაჩვეულებრივ სივრცეს ამ შენობაში, რათა გააგრძელონ წინსვლა", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.


    თიბისის ახალი სათავო ოფისის დიზაინი შატილის კოშკების ინსპირაციით შეიქმნა, სადაც არქიტექტურული ნაგებობები ჰარმონიულად ერწყმის ლანდშაფტს მათი ტერასული განლაგებისა და დიდი ზომის აივნების წყალობით. სწორედ ეს არის ამ კონცეფციის მთავარი ამოსავალი: ქალაქის ცენტრისგან მოშორებით, მთის ფერდობზე შეფენილი კომპლექსი, სადაც ადამიანებზე მორგებული, ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემოა შექმნილი. თიბისის თანამშრომლები კომფორტულ გარემოში მუშაობას და დასვენებას, კოლეგებსა და სტუმრებს შორის ინტერაქციას შეძლებენ. შენობაში განთავსდება რესტორნები, ფიტნეს კლუბები, სპეციალური სივრცეები ბავშვებისთვის და ა.შ.

    "ამ ადგილას განთავსდება თიბისი ბანკის სათავო ოფისი. აქაურობის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ პროექტზე უნიკალური არქიტექტორები მუშაობენ. მთავარია ის, რომ აქ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, რომ ენერგია, ნიჭი და უნარები გამოამჟღავნონ სწორედ ამ შენობაში. მათთვის მოეწყობა უნიკალური სამუშაო სივრცეები, ლაბორატორიები და ყველაფერი, რაც წარმატებისთვის არის საჭირო", - თქვა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

     



    პროექტის ავტორი ჰოლანდიელი არქიტექტორი ფრანს ვუურეა, რომელიც საერთაშორისო კომპანიას - UN Studio-ს წარმოადგენს. UN Studio-მ პროექტის განხორციელების დაწყებამდე სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები განახორციელა, საფუძვლიანად გამოიკვლია ლოკაცია, შეისწავლა თიბისის, როგორც ბრენდის სტრატეგია და ღირებულებები.

    თიბისის ახალი სათავო ოფისი სავიზიტო ბარათი გახდება თიბისი ჯგუფისთვის, რომელშიც გაერთიანდება ბრენდის ღირებულებები, მომავლის ხედვა და ფილოსოფია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის კომპლექსი საქართველოში პირველად შენდება.

    "თბილისის ბიზნესცენტრის" პროექტის განხორციელება 2019 წლის იანვრიდან დაიწყება და 2021 წელს დასრულდება.
     

     

     


პარტნიორები