სიახლეები
-
14 დეკემბერი 2018
თქვენი რეკლამა
შატო მუხრანის განვითარებაში 2022 წლამდე 10 მილიონი ჩაიდება
შატო მუხრანის განვითარებაში 2022 წლამდე 10 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდება.
საინვესტიციო გეგმა, რომელიც აქციონერებმა 2017 წლის ნოემბერში დაამტკიცეს, ითვალისწინებს თანხის ინვესტირებას ვენახებში, ღვინის ქარხნის ინფრასტრუქტურაში და სასახლის გარშემო არსებული კარმიდამოს განვითარებაში.
აღსანიშნავია, რომ 2-3 წლიან პერიოდში იგეგმება მუხრანბატონის სასახლის სრულ რეაბილიტაციაც. ამ მიზნისთვის კომპანია და მისი აქციონერები დამატებით სახსრებს გამოყოფენ.
შატო მუხრანმა 2017 წლის ფინანსური ანგარიშიც გამოაქვეყნა. რომლის მიხედვით, 2016-2017 წლებში შატოში 7 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული.
2017 წელს ღვინისა და სპირტის რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა 6,1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 67%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ასეთი მნიშვნელოვანი ზრდა ძირითადად მიღწეული იქნა საექსპორტო მოცულობის დაახლოებით 75%-ით გაზრდის ხარჯზე.
2017 წელს კომპანიამ უმასპინძლა 40 ათასამდე ვიზიტორს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ზრდაა 2016 წელთან შედარებით, როცა შატოს 24 ათასი სტუმარი ეწვია. ეს დადებითად აისახა ტურიზმიდან ამონაგებზე, რომელიც 2016 წელს 1,3 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2017 წელს 1.7 მილიონი ლარი შეადგინა.
2017 წელს მოგება 1.27 მლნ ლარი იყო, რაზეც მთავარი გავლენა ძირითადი საშუალებების გადაფასებამ მოახდინა, რომლის გამოკლებით, მოგება 0.2 მილიონია, 2016 წელს არსებული 3.4 მილიონიანი ზარალის შემდეგ.
2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის დამფუძნებლები არიან სს „მარუსია“ (საქართველო) (80%), მამუკა ხაზარაძე (11,97%) და ბადრი ჯაფარიძე (8,03%).