სიახლეები
-
პანორამა თბილისის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება
პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში, 2019 წლის ბოლოს თბილისში საბაგირო აშენდება და მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქცია ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და სწრაფ გადაადგილებას.
საბაგიროს მშენებლობა უკვე დაწყებულია. პროექტის ფარგლებში, საბაგიროს ორ დამოუკიდებელ ხაზზე დამონტაჟდება 8- ადგილიანი 34 გონდოლა, რომლებიც საათში 1 000 ადამიანის გადაადგილებას უზრუნველყოფს. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 10 მლნ აშშ დოლარს აღემატება. ამჟამად, პროექტის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 50 ადამიანი.
ეკოლოგიურად სუფთა, სატრანსპორტო საშუალება სათავეს აიღებს თავისუფლების მოედანთან მდებარე უმაღლესი კლასის ბრენდის „Luxury Collection“-ის სასტუმროდან, რომელიც შემდგომ უკვე დაუკავშირდება სოლოლაკის ქედზე მდებარე საკონფერენციო ცენტრის მასშტაბურ პროექტს და ბოლოს თაბორის ქედზე არსებულ სასტუმროსა და გოლფ კლუბს.
პროექტს „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“ ახორციელებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირბის ფონდის ინიციატივით არის შექმნილი.სრული პროექტის დაგეგმარებას და საბაგირო დანადგარებით აღჭურვას უზრუნველყოფს ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“ (Doppelmayr), ხოლო სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს ავსტრიული კომპანია „არ-ემ-ესი“ (RMS).
განსაკუთრებით აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სწორედ ამ პროექტის მეშვეობით, საქართველო იქნება რიგით მეორე ქვეყანა, სადაც განთავსდება შენობაში ინტეგრირებული საბაგიროს სადგური. პირველად, მსგავსი პროექტი კომპანია „დოპელმეიერმა“ ჩინეთში, კერძოდ მაკაოს რეგიონში განახორციელა.
შეგახსენებთ, 2016 წლის ოქტომბერში „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა.