მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  ნოემბერი  2018

    მერიამ დეველოპერებს მიწის ნაკვეთები მიჰყიდა და შემდეგ მშენებლობა აუკრძალათ

    ნინო ჟვანიას ქუჩაზე ე.წ განაშენიანების რეგულირების ფარგლებში შემავალი მიწის ნაკვეთის მფლობელები მშენებლობის უფლებას მოითხოვენ.


    „კომერსანტს“ რამდენიმე დღის წინ სამშენებლო კომპანია „terra building-ის დირექტორი მარინე მაზანაშვილი დაუკავშირდა. მშენებელი გვიყვება, რომ ერთი წლის წინ თბილისის მერიისგან მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც მაზანაშვილს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა უნდო დაეწყო. იმისთვის, რომ „terra building-ის დირექტორს საკუთარი საქმიანობა განეხორციელებინა საჭირო იყო განაშენიანების გენერალურ გეგმაში ცვლილებები შესულიყო, თუმცა საბუთები, რომელზეც საკრებულოს წევრებს 2017 წლის 10 ნოემბრამდე უნდა განეხილათ ამ დრომდე თაროზეა შემოდებული. მარინა მაზანაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი უკანონო და უპასუხისმგებლო ქმედებები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას ხელს უშლის და სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ მოქალაქის ნდობას ამცირებს.



    „ჟვანიას ქუჩაზე ერთი კორპუსი მაქვს აშენებული, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ყიდვა, რომელიც მერიამ 200 000 დოლარად მომყიდა. რა თქმა უნდა, თანხა კრედიტით გამოვიტანე, ჩვენს ბიზნესში ესე ხდება, ჯიბეში ამდენი ფული არავის უდევს. რეესტრში ტერიტორია უკვე გაერთიანებულია, შეეცვალა წითელი ხაზი და საკადასტრო კოდი. ამის შემდეგ აუცილებელი გახდა ცვლილებები განაშენიანების გენერალურ გეგმაში შესულიყო. ამისთვის საბუთები ჯერ მერიაში შევიტანე, სადაც დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს, 2017 წლის სექტემბერში კი განცხადება საკრებულოში გადაგზავნა. მერიაში მითხრეს, რომ პასუხი 20 ოქტომბერს მეცოდინებოდა, შემდეგ ვადა 10 ნოემბრამდე გადაწიეს, ამის შემდეგ ველოდები. ადმინისტრაციულ კოდექსში წერია, რომ 15 დღეში, ერთ თვეში ან მაქსიმუმ 3 თვეში უნდა მივიღო პასუხი. 3 თვის შემდეგ მივედი და ვთხოვე საკითხი საკრებულოს სხდომაზე გაეტანათ. ვეხვეწები, რომ პასუხი გამცენ , მიმართვების დასტა მაქვს მაგრამ, პასუხს ცოცხალი თავით არავინ მცემეს“,- აცხადებს მარინა მაზანაშვილი.


    რადგან ამ შემთხვევაში პროცესები გაიწელა და „terra building-ის დირექტორმა თბილისის საკრებულოსგან პასუხი ვერ მიიღო, მარინა მაზანაშვილმა მეორე მიწის შესყიდვა გადაწყვიტა, მიზეზი საბანკო ვალდებულებები იყო. მშენებელს არ უნდოდა, რომ მის კომპანიას ზიანი მისდგომოდა, თუმცა მდგომარეობა უფრო დამძიმდა. „terra building“- მა საცხოვრებელი კორპუსების რაოდენობის გაზრდა ვერ შეძლო, სამაგიეროდ კომპანიას სესხი 600 000 დოლარამდე გაეზარდა.



    ამ ნაკვეთზე მშენებლობის უფლება დამტკიცებული იყო, მერიასთან მხოლოდ პროექტი უნდა შემეთანხმებინა. პირველი პროექტი მერიიდან დახარვეზებული გამოვიდა, მეორედაც დახარვეზდა და მესამედაც . ხარვეზების მიხედვით ტრანსპორტის კვლევა და დენდროლოგიური კვლევა უნდა ჩამეტარებინა, ეს ყველაფერი გამოვასწორე და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ფული გადავიხადე. ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხარვეზები აღარ იყო, ესეთი პასუხი მივიღე:



    -აღნიშული მიწის ნაკვეთი მდებარეობს ისეთ გარემოში, სადაც სივრცითი მოცულობითი ახალი ობიექტის გაჩენა იწვევს არსებული გარემოს რადიკალურ ცვლილებას და ირღვევა ტერიტორიის ბალანსი.



    ეს პასუხი ჩემთვის გაუგებარია, როდესაც გავასაჩივრე მითხრეს, რომ ძალიან ბევრი დასკვნა არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ აქ მშენებლობა არ შეიძლებაო. მერიაში შევიტანე განცხადება, რომ ერთი უარყოფითი დასკვნა მაინც მაჩვენონ. ძალიან ბევრი მაღალი დონის სპეციალისტს უთქვამთ, რომ აქ მშენებლობა შეიძლება და ეს დასკვნები მე მაქვს“, — განაცხადა მარინა მაზანაშვილმა.



    მარინა მაზანაშვილისთვის მერიის დამოკიდებულება გაუგებარია. „terra building-ის დირექტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა კონკრეტულ პირებს მშენებლობის ბიზნესის მონოპოლიზაცია სურდეს და სხვა სამშენებლო კომპანიებს მიზანმიმართულად აკოტრებდნენ.



    „არ ვიცით რა ხდბა, კანონით არ უნდა გაგვაჩერონ. ჩვენი გეოლოგიური და ჰიდროლოგიური დასკვნებით პრობლემა არ გვაქვს. ოფიციალურ პასუხს არ გვცემს არავინ. რამდენიმე დღის წინ მოვისმინე, რომ გენგეგმის დამტკიცებას ელოდებიან. შემდეგ აღმოჩნდება, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მშენებლობა აკრძალული იქნება. ახლა თუ ღირს ნაკვეთი დავუშვათ მილიონი, მერე ეღირება ნული თეთრი. რაც გამაჩნდა ყველაფერი გავყიდე. 600 000 დოლარის პროცენტს ვიხდი, თვეში 7000 დოლარს. თანხა 6 თვით ავიღე, გადახდის თარიღი რამდენჯერმე გადავავადე, ერთ თვე დამრჩა, მთლიანად უნდა გადავიხადო ეს თანხა . მერიამ ნაკვეთი მომყიდა კორპუსი კი აღარ ამაშენებინა, დღისით მზისით 21-ე საუკუნეში გაგვაგულაკეს“, - ამბობს მარინა მაზანაშვილი.


    მარინა მაზანაშვილის მდგომარეობაში აღმოჩნდა დავით გელაშვილიც, რომელმაც ორ მეგობართან ერთად ჟვანიას ქუჩის ტერიტორიაზე 2014 წელს მიწის ნაკვეთი შეიძინა. გელაშვილი კომერსანტს უყვება, რომ სანამ ნაკვეთს შეიძენდა ტერიტორია გეოლოგებს შეამოწმებინა, რადგან შემდეგ კორპუსის მშენებლობაზე პრობლემა არ შექმნოდა.



    „მიწის ნაკვეთი იმიტომ შევიძინე, რომ საკრებულომ 2006 წელს, შემდეგ 2007 და 2017 წელსაც მიიღო დასკვნა, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შეიძლება. 2017 წელს მშენებლობის ნებართვაზე მოთხოვნა შევიტანეთ, რაზეც პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს. შემთხვევით გავიგეთ, რომ მერია ახალი გენერალური გეგმით ამ ტერიტორიაზე მშენებლობის აკრძალვას აპირებს. მერიამ იმდენი ვერ მოიფიქრა. გაარკვიოს რა დაუჯდება ამ ადამინების დაკმაყოფილება, ყველას ფეხებზე კიდია. პირადად კალაძეს მივწერეთ, რომ მისი სამსახურები არ მუშაობენ და რაიმე მოიმოქმედოს, თუმცა ვითარება არ შეცვლილა, ყრუ კედელი და ჩაკეტილი სისტემაა“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.



    დავით გელაშვილი თბილისის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებს და განმარტავს, რომ მშენებლებს ბარიერებს ხელოვნურად უქმნიან. გელაშვილი კომერსანტს მშენებლობის დარგში არსებულ შესაძლო ნეპოტიზმზე უყვება:



    ჩვენს გვერდით ნაკვეთზე მშენებლობას შპს „ბალტიკ ინვესტმენტ გრუპი“ ახორციელებს. იმათ ვერ გაუჩერეს მშენებლობა იმიტომ, რომ საქმეში უცხოელები ჩაერიენ და გააგრძელებინეს მშენებლობა. შეიძლება შენს მოქალაქეებს ესე მოექცე? და მერე გამოხვიდე და თუნდაც ხმის მიცემა სთხოვო? ასევე მწვანე ზოლი გაუხსნეს არქი ჯგუფს, ვისაც ხელი მიუწვდება მთავრობასთან ისინი მდიდრდებიან. რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა, ადამიანებს ქონებას ცემა-ტყეპით ართმევდნენ, ესენი მსუბუქი ფორმით გვპარავენ. ჩემს ქონებას ფაქტობრივად ნულს ხდიან მშენებლობის უფლება თუ არ გვექნება, გინდ გქონია მიწის ნაკვეთი გინდ არა. რაიმეს პატიებას ხომ არ ვთხოვთ? რა ვალდებულებებიც აქვთ, ის შეასრულონ“, — ამბობს დავით გელაშვილი.



    მარინა მაზანაშვილი და დავით გელაშვილი 2017 წელს საკრებულოს მიერ დამტკიცებული განკარგულების ძალაში დატოვებას ითხოვენ, ამ დოკუმენტის მიხედვით ისინი საკუთარი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.



    როგორც კომერსანტმა გაარკვია, მარინა მაზანაშვილის და დავით გელაშვილის ეჭვები მართლდება. ჩვენ გენგეგმის ერთ-ერთ ავტორს, „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორი მამუკა სალუქვაძეს მარინა მაზანაშვილის ნაკვეთის საკადასტრო ნომერი გავუგზავნეთ. სალუქვაძე აცხადებს, რომ ახალ განაშენიანების გეგმის მიხედვით ნაკვეთის მფლობელებს ჟვანიას ქუჩაზე მშნებლობის უფლება არ აქვთ.



    „ორივე ტერიტორია სატყეო ზონაშია მოხვედრილი. ერთი ნაკვეთი არის შეზღუდვების ზონაში, ეს არის ისტორიული ლანდშაფტის ზონა. შეზღუდვები ადრე არსებობდა მაგრამ, არ იყო დატანილი. ეს არის მთავრობის დადგენილებით გაკეთებული შეზღუდვით ზონა. ნაკვეთები ასევე მოხვედრილია საშიში გეოდინამიკური პროცესების ზონაშიც. ტერიტორია პრაქტიკულად ყველა შეზღუდვის ზონაშია მოხვედრილი“, — აცხადებს მამუკა სალუქვაძე.



    „სითი ინსტიტუტ საქართველოს“ დირექტორი კომერსანტს უყვება, რომ თბილისში ძალიან ბევრი ისეთი ტერიტორია არსებობს, სადაც მშენებლობა ნებადართულია, თუმცა საფრთხეები გათვალისწინებული არ არის.



    მამუკა სალუქვაძე თვლის, რომ კონკრეტული პასუხისგან მერია თავს იმიტომ იკავებს, რომ გენგემა საბოლოოდ დამტკიცებული არ არის. მისი თქმით, არსებული ვითარება სახელმწიფო ორგანო, მოსახლეობას უნდა აუხსნას.



    „მე გითხარით გენგეგმის ბოლო ვერსია. საბოლოოდ როგორ იქნება დამტკიცებული ვერ გეტყვით, რადგან დოკუმენტი სითი ინსტიტუტისგან უკვე გავიდა. სავარაუდოდ, საკრებულოსაც ამ სახით აქვს მიწოდებულები მერიისთვის. ახლა პროცესები მერიასა და საკრებულოში მიმდინარეობს. ჩვენი დადებული შეზღუდვებით არ ნიშნავს იმას, რომ ტერიტორია არ გადამოწმდეს. სითი ინსტიტუტი ამბობს, რომ ეს არის საფრთხის შემცვლელი ზონა. მერიამ დაგვიქირავა და გვკითხა, როგორ იქნება სწორი? ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც მერიას კვლევა ჩაუტარებია და გადაუმოწმებია ტერიტორია. ჩვენ ვეუბნებით, რომ არ ენდოს ფურცელს და კარგად გადაამოწმონ ტერიტორია. მერიაც, საკრებულოც და ჩვენც ვთანხმდებით იმაზე, რომ იქ მშენებლობა არ შეიძლება. რა შეიძლება და როგორ უნდა მოექცნენ მესაკუთრეებს, რომ მათი უფლებები არ შეილახოს, ამაზე უკვე მერიამ უნდა ისაუბროს. შეიძლება ეს ადგილმონაცვლეობა იყოს და სხვაგან ააშენებინოს. მუშაობის პროცესში ყურადღებას ვაქცევდით სად ჰქონდათ ადამიანებს მიწის ნაკვეთები, თუმცა იქ სადაც ვთვლიდით, რომ არ შეიძლებოდა მშენებლობა ჩვენ ამას ვამბობდით“, -განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.



    კომერსანტი აღნიშნულ თემაზე მერიის შესაბამის სამსახურებსაც დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. 

     

     


პარტნიორები