სიახლეები
-
21 ნოემბერი 2018
თქვენი რეკლამა
ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა
რიკოთის საუღელტეხილო გზის, ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
საავტომობილო გზებისი დეპარტამენტის ცნობით, სატენდერო წინადადება სულ 10-მა კომპანიამ წარადგინა. შეთავაზებული წინადადებების განხილვის შემდეგ, დონორ ორგანიზაციასთან კონსულტაციით გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.
დეპარტამენტის ცნობით, კომპანია „Hunan Road and Bridge Construction Group“-ს ბაზარზე მუშაობსი 64-წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში, კომპანიას აშენებული აქვს: 1 000-ზე მეტი მასშტაბური სიდიდის და სირთულის ხიდი, მთლიანი სიგრძით - 330 კმ; 4 000 კმ-ზე მეტი სიგრძის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ; 203 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 168 000 მეტრია.პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ მონაკვეთზე, 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი – თბილისი-არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა-თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება. მოხდება ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, შესაბამისი სადრენაჟო სისტემების მოწყობა. გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები. ასევე დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი კვანძი ხუნევსა და ვერტყვიჭალას შორის მოეწყობა, მეორე კვანძი – საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი – ბორითში.
ხევი-უბისას 12.2 კმ-იანი მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს. ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის.
პროექტის ღირებულება 732 296 478 ლარია და სამუშაოების განხორციელების ვადად 3 წელია განსაზღვრული.
ხევი-უბისას გზა რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის შემადგენელი ნაწილია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია. აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის განვითარება კი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის ფარგლებში დაგეგმილი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების უმსხვილეს კომპონენტს წარმოადგენს.