სიახლეები
-
18 ოქტომბერი 2018
თქვენი რეკლამა
ნენსკრა ჰესის პროექტის სამშენებლო სამუშაოები ნოემბერში განახლდება
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია - სს „ნენსკრა ჰიდრო“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში 2018 წლის დასაწყისში შეჩერებულ სამუშაოებს განაახლებს.
კომპანიის ცნობით, ნოემბერში, მდინარე ნენსკრაზე 100 ტ ტვირთამწეობის მქონე ორი ხიდის მშენებლობა დაიწყება.
პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები, რომლებიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ხიდებისა და გზების მშენებლობა-რეაბილიტაციას, სამშენებლო ბანაკებისა და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას მოიცავს, 2019 წლის ბოლოს დასრულდება.
ამავდროულად, სს „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს პროექტში ახალი მშენებელი კომპანიის ჩართვაზე წინა კონტრაქტორის ჩასანაცვლებლად, რომელთანაც ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმებით შეწყდა.
„ნენსკრაჰესის“ პროექტიდან იტალიური სამშენებლო კომპანია Salini Impregilo გავიდა, რომელსაც ქართულ კონტრაქტორ კონსორციუმ GCC-სთან ერთად უნდა აეშენებინა ჰესი.
ნენსკრა ჰესის პროექტს სს „ნენსკრა ჰიდრო“ ახორციელებს, რომელიც დაფუძნებულია ინვესტორის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციისა (K-water) და სს „საპარტნიორო ფონდის“ მიერ.
ნენსკრა ჰესის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია. ჰესი აშენების შემდეგ, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის.