სიახლეები
-
25 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
როგორ უნდა განვითარდეს ელიავას ბაზრობა, აკადემქალაქი და ორთაჭალის ბაღები
თბილისის მერიამ, ელიავას ბაზრობის, აკადემქალაქის, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისა და ორთაჭალის ბაღების შემდგომი განვითარების შესწავლის მიზნით, ტენდერი გამოაცხადა. საუბარია ერთგვარი ჩარჩო გეგმის შემუშავებაზე.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, თითოეული ჩარჩო გეგმის შემუშავების გეგმა-გრაფიკი უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი ეტაპისაგან: I ეტაპი წინასაპროექტო კვლევა და ხედვა (არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა); II ეტაპი საპროექტო წინადადება (არაუგვიანეს 365 დღისა).
“ვარკეთილის III მასივის ტერიტორია განაშენიანებულია ე.წ „ხრუშოვკის“ ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ავარიულია. საპროექტო არეალის საცხოვრებელი ფონდი საჭიროებს ფიზიკურ გაჯანსაღებას, და ამასთან, პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება.
ე.წ. აკადემქალაქი მოიცავს ტერიტორიას გმირთა მოედნის, კოსტავას ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს შორის. აკადემქალაქი საბჭოთა ქალაქთმშენებლობითი პროექტის, პოსტ-საბჭოთა ქაოსური ტრანსფორმაციის და რადიკალური გამჭიდროვების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია თბილისში. აკადემქალაქის ტერიტორიაზე პრაქტიკულად აღარაა სარეკრეაციო და საჯარო სივრცეები და სოციალური ინფრასტრუქტურა, რაც მძიმედ აისახება მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე და ურბანულ გარემოზე.დოლიძე-ხილიანის ტერიტორიის დიდი ნაწილი ისტორიულად ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრიდან და ძირითადად, ათვისებული იქნა დაბალსართულიანი საკარმიდამო საცხოვრებელი სახლებით. უკვე 1960-იანი წლებიდან, განხორციელებული მსხვილი ქალაქმშენებლობითი პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა და დღევანდელი კონფიგურაცია მიიღო დოლიძისა და ხილიანის ქუჩებმა, თუმცა არ მომხდარა არსებული ისტორიული განაშენიანების სრული ჩანაცვლება.
ელიავას ბაზრობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ობიექტები ტვირთავს და აფერხებს საგზაო მოძრაობას, იგნორირებულია მდინარესთან კავშირის შესაძლებლობა, არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს დაკარგული აქვთ თავდაპირველი ფუნქცია, აღინიშნება ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების მაღალი რისკები, რაც, ასევე, საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ჯანმრთელობას”, – აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 300 000 ლარია.