სიახლეები
-
17 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
ელიავას ბაზრობის ბედის გასარკვევად მერია კიდევ ერთ კვლევას ატარებს
რა ბედი ელის ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიას მერიამ ახალი კვლევით უნდა განსაზღვროს.
კვლევა, რომლისთვისაც 1.3 მლნ ლარია გამოყოფილი ჩარჩო- გეგმებს შეიმუშავებს ვარკეთილის III მასივის, ელიავას ბაზრობისა და მიმდებარე ტერიტორიის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის და ორთაჭალის ბაღებისთვის.
მერიაში აღნიშნავენ, რომ ჰა. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ტერიტორია მრავალფეროვანი კომერციული საზოგადოებრივი ფუნქციებით დატვირთული ადგილად იქცა, რაც უპირველეს ყოვლისა მისი მოსახერხებელი სატრანსპორტო კავშირებიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარეობს. თუმცა ფუნქციების უსისტემო, ქაოტურმა თავმოყრამ და გარემოსათვის საფრთხის შემცველმა გამოყენებებმა ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გააუარესა.
ახლა მერიის შერჩეულმა კომპანიამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი, როგორ განვითარდეს 117.6 ჰა ტერიტორია, სადაც საპროექტო ტერიტორიის ფართობი 98.8 ჰექტარია.
მერიაში მიიჩნევენ, რომ გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს ტერიტორიის დეტალური შესწავლა, ანალიზი და მისი სამომავლო განვითარების დაგეგმვა თბილისის ერთიან ურბანულ ქსოვილთან მიმართებაში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ერთის მხრივ არსებული ფუნქციური მრავალფეროვნების შენარჩუნება და მეორეს მხრივ ტერიტორიის პოტენციალის ზრდა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო და თანაბრად ხელმისაწვდომი საცხოვრებელი, სარეკრეაციო, სამრეწველო და სხვა გამოყენებით.
შეგახსენებთ, ელიავას ბაზრობის გადატანაზე ან არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარებაზე არაერთი წელია საუბრობენ, თუმცა, გადაწყვეტილება რა სახე უნდა მიიღოს ტერიტორიამ ამ დრომდე არ მიუღიათ.