სიახლეები
-
12 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
ქობულეთში კახა კალაძის კუთვნილი სასტუმროს რეაბილიტაცია იწყება
კახა კალაძის კუთვნილ სასტუმროს ქობულეთში ინვესტორი აღადგენს. ამის შესახებ commersant.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. წყაროს ინფორმაციით, სასტუმრო კოლხეთში (ყოფილი „ინტურისტი“), რომელიც ქობულეთში, აღმაშენებლის 285 ნომერში მდებარეობს, სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება.
როგორც “კომერსანტმა“ გაარკვია, მშენებლობის ნებართვა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შპს „კოლხეთზე“ 2016 წელს გასცა, თუმცა ამ დროისთვის „კოლხეთის“ შენობა ისევ ნახევრად დაშლილი მდგომარეობაშია.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში „კომერსანტს“ ისიც განუცხადეს, რომ მშენებლობის ნებართვას ვადა 2019 წლამდეა გაცემული. მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდში უნდა მოხდეს სასტუმროს არსებული შენობის რეაბილიტაცია და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიის განვითარება. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები ტარდება. მუნიციპალიტეტში პროექტის სხვა დეტალებზე, ინვესტიციის მოცულობაზე, ასევე მშენებლობაში ჩართულ კომპანიაზე არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს კერძო პროექტია.
დღევანდელი მდგომარეობით ქონება, რომლის საკადასტრო კოდიც 20.42.01.153–ია და რომელიც 19 767 კვ. მ. მიწის ნაკვეთს და 13 263,5 კვ. მ. შენობა–ნაგებობებს მოიცავს, „შპს კოლხეთი“–ს (ს/კ.:246951142) საკუთრებაა. სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებით კი ირკვევა, რომ ამ კომპანიის 100%–იან წილს, დღემდე, თბილისის მერი კახა კალაძე ფლობს, ხოლო მისი დირექტორი სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მინდია რომანაძეა, რომელიც ამ თანამდებობაზე მიმდინარე წლის მაისში, კონკურსის წესით შეირჩა. სასტუმროში ინვესტორის შესვლას მინდია რომანაძეც ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიასთან შეხება უკვე დიდი ხანია აღარ აქვს და, შესაბამისად, არ იცის ვინ არის დაინტერესებული მისი აღდგენით. მიუხედავად ამისა, მისთვის ცნობილი აღმოჩნდა, რომ ინვესტორთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სასტუმროს რეაბილიტაცია რამდენიმე წლის წინ შემუშავებული პროექტის მიხედვით, მიმდინარე თვეში დაიწყება.
კითხვაზე ვინ და რა რაოდენობის ინვესტიციას განახორციელებს სასტუმრო „კოლხეთში“ კახა კალაძის პრესსამსახურში არ გვიპასუხეს.
მიუხედავად „კომერსანტის“ არაერთი მცდელობისა შპს „კოლხეთთან“ დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. კომპანიის მითითებული ნომრები გაუქმებულია.გარიგების დეტალები უცნობი დარჩა იმის გამოც, რომ ხელშეკრულების ასლი საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ჯერ ასახული არ არის.
რაც შეეხება სხვა დეტალებს, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 28 მაისის მდგომარეობით, 2012 წლიდან ქონების იპოთეკარი სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“–ა. შენობას კი საკომუნიკაციო კომპანიების სახით ხუთი მოიჯარე ჰყავს. სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, ქონებაზე შპს კოლხეთის უფლების რეგისტრაცია 2008 წლის 17 იანვარს მოხდა.