სიახლეები
-
10 სექტემბერი 2018
თქვენი რეკლამა
ბათუმში შესაძლოა პეპლების პირველი პარკი აშენდეს
საქართველოში, პეპლების პირველი პარკი შესაძლოა ბათუმში აშენდეს.პროექტი ამ ეტაპზე იდეის დონეზეა. ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძემ ექსკლუზიურად განუცხადა. მისი ინფორმაციით, 3000 პეპლისგან შემდგარი დოქის ფორმის პარკი 3 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება.
„თავდაპირველად, სხვადასხვა ჯიშის პეპლების იმპორტი განხორციელდება, პარკის გახსნიდან 6 თვეში კი პეპლების გამრავლება ადგილზე მოხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგიერტი პეპელა 21 დღე ძლებს, ზოგიერთი 2 თვე, მათი შემოყვანა მუდმივად განახლებადი პროცესი იქნება“-აცხადებს ჩალიშქანი-მჟავანაძე. მისივე ინფორმაციით, პეპლების ჩამოყვანა ძირითადად ფინეთიდან მოხდება.
ოსმან ჩალიშქანი-მჟავანაძე აცხადებს, რომ ამჟამად აჭარის მთავრობასთან და ქალაქის მერთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით,პეპლების პარკში 1.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. მისივე განცხადებით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით მოხდა, ბათუმს მომავალი წლის ზაფხულის საკურორტო სეზონზე ახალი ტურისტული ობიექტი ექნება. „ეს იქნება ერთგვარი დახურული ტიპის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ტურისტების ძალიან მიმზიდველი იქნება. სხვადასხვა ქვეყნებში არის მსგავსი პარკები. პარკი ზამთარ -ზაფხულ იმუშავებს. პარკში კაფეები და რესტორნებიც განთავსდება“-აცხადებს ჩალიშქანი-მჟავანაძე.
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სამომავლოდ, განიიხლება ანალოგიური პეპლების პარკის თბილისში მოწყობაც.
ტეგები