სიახლეები
-
13 აგვისტო 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში, ვაკეში Best Western-ის სასტუმრო გაიხსნა
ვაკეში, მრგვალ ბაღთან, Best Western Hotels & Resorts-ის სასტუმრო Best Western Tbilisi City Centre-ი გაიხსნა. სასტუმრო ამ ქსელში შემავალი რიგით მეექვსეა საქართველოში, თბილისში კი Best Western Tbilisi Art Hotel-ის შემდეგ მეორე.
Travelingeorgia-ს ცნობით, 44-ნომრიან სასტუმროში 40 ადამიანია დასაქმებული. სასტუმრო ეკონომკლასისაა და საშუალო შემოსავლების სტუმარზეა გათვლილი, ნომრის ფასი, სეზონის მიხედვით, 80-150 დოლარის ფარგლებშია. სასტუმროს მფლობელ კომპანიაში განმარტავენ, რომ სასტუმროს საინვესტიციო პორტფელმა 5,5-6 მლნ ლარი შეადგინა.
სასტუმრო მცირე ზომისაა, თუმცა სტუმარებს შეუძლიათ ისარგებლონ რესტორან/ლაუნჯის მომსახურებით, რომელსაც გააჩნია საზაფხულო მწვანე ტერასები.
ბოლო პერიოდში სასტუმროების საერთაშორისო ქსელი Best Western Hotels & Resorts-ი საქართველოში მნიშვნელოვნად გაფართოვდა და როგორც ქსელის საქართველოს წარმომადგენლობის, კომპანია Capitol HPS-ის დირექტორი გოჩა ჯაიანი Travelingeorgia-სთან განმარტავს, 2018 წლის ბოლომდე Best Western Hotels & Resorts-ის საერთაშორისო ქსელს საქართველოდან კიდევ ორი ახალი სასტუმრო შეემატება: 104 ნომრიანი პრემიუმ კლასის Best Western Premier Batumi თვის ბოლომდე გაიხსნება და 62 ნომრიანი ეკონომკლასის Best Western Gudauri-ის გახსნა კი წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
მიმდინარე წლის ბოლომდე Best Western Hotels & Resorts-ი საქართველოში წარმოდგენილი იქნება ქსელის 3 ძირითადი ბრენდის 8 სასტუმროთი, რომლებიც მდებარეობს საქართველოს 6 ქალაქში და რომელთაგან 4 კურორტია (ბათუმი, საირმე, ბაკურიანი და გუდაური).
ახალი სასტუმროების გახსნა იგეგმება თბილისში, ქუთაისში, მარტვილში, მესტიაში, ანაკლიაში, ფოთში, წყალტუბოში, სტეფანწმინდასა და თელავში. მენეჯმენტის პროგნოზით, Best Western Hotels & Resorts-ის ქსელში გაერთიანებული სასტუმროების რაოდენობა 2020 წლის ბოლომდე საქართველოში 12-ს, ნომრების ჯამური რაოდენობა კი დაახლოებით 750-ს მიაღწევს.