სიახლეები
-
25 ივნისი 2018
თქვენი რეკლამა
აგვისტოში სასტუმრო Radisson RED-ის მშენებლობა დაიწყება
საბოლოოდ გადაწყდა, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე #23-ში Radisson RED-ის ბრენდის 100 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება და 2019 წლის მეორე ნახევარში გაიხსნება. სასტუმროში დაახლოებით 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
კომპანია Commerce Group-მა მერიასთან არსებული რამდენიმეწლიანი პრობლემები მოაგვარა, რის გამოც ქვეყანაში სასტუმროების საერთაშორისო ჯგუფის Rezidor Hotel Group-ის შემოსვლა აქამდე ვერ ხერხდებოდა.
პროექტის პარტნიორი საქართველოში, კომპანია Commerce Group-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიზნესმენი დავით კოდუა „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რამდენიმე დღის წინ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს შეხვდა და ბრენდის შემოსვლის საბოლოო დეტალები ცნობილი სწორედ ამის შემდგომ გახდა. ამ ეტაპზე ბიზნესმენი მერიის არქიტექტურის სამსახურთან კონკრეტულ დეტალებს ათანხმებს. მშენებლობას სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აწარმოებს.„ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ასეთი ტიპის სასტუმრო აუცილებელია და მის მშენებლობაში ხელს შემიწყობს,“ - განაცხადა დავით კოდუამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ბიზნესმენს სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით პრობლემები სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან შეექმნა. თუმცა შემდგომ გაირკვა, რომ რეალურად პრობლემები მიწის ფართთან დაკავშირებით იყო. კერძოდ, ბიზნესმენისთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტის დასამტკიცებლად მოჭრილი მიწის ზომა 600-ი კვადრატული მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო დავით კოდუას 640 კვადრატული მეტრის მიწის ფართობი ჰქონდა.Radisson RED-ის ბრენდი სასტუმროების საერთაშორისო ჯგუფის Rezidor Hotel Group-ში შედის. ჯგუფის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის ელი იონესის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპა ძალიან მზარდი ბაზარია მოგზაურობისა და ტურიზმისთვის, საქართველოს კი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ტემპი აქვს ტურიზმის ზრდის კუთხით რეგიონში.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაფართოებთ ჩვენს წარმომადგენლობას თბილისში და შემოგვყავს ახალი ბრენდი Radisson RED-ი. ბრენდი შთაგონებულია ხელოვნებით, მუსიკით, მოდით და არღვევს სასტუმროს ტრადიციულ მოდელს. ჩვენ გვჯერა, რომ Radisson RED-ი ჭავჭავაძეზე საქართველოში სტუმართმასპინძლობას ახალ საფეხურზე აიყვანს“, – აცხადებს იონესი.