მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  ივნისი  2018

    იმოქმედებს თუ არა სამშენებლო ბიზნესზე ცვლილება, რომელიც ორზე მეტ შემთხვევაში სესხის აღებას აკრძალავს

    სამოქალაქო კოდექსში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა ორზე მეტი იპოთეკური სესხის აღების უფლება ფიზიკურ პირებს აღარ ჰქონდეთ. ეს ერთ-ერთი მექანიზმია მოსახლეობის ჭარვალიანობისგან დასახსნელად. თუმცა ამ ინიციატივამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია — ერთნი ფიქრობენ, რომ ორზე მეტი სესხის აღება ადამიანისთვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუ მას ვალის უპრობლემოდ დაბრუნება შეუძლია, ეს უფლება არ უნდა შეეზღუდოთ.



    თუმცა, არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც. მაგალითად, ცვლილებები მისაღებია სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელ არჩილ ჯაყელისთვის. კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ ფიზიკური პირისთვის ერთი იპოთეკური სესხის გადახდაც ხშირ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს:



    „ფიზიკურ პირს როდესაც ორი იპოთეკური სესხი აქვს ეს უკვე პრობლემაა. თუ მათ შ.პ.ს. ან რაიმე კონკრეტული საქმიანობა არ უდგას გვერდით ორი იპოთეკის გადახდა უკვე რთულია რადგან უმუშევართა რაოდენობა დიდია და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა. მშენებარე კორპუსების შემთხვევაში ხშირად ბანკები იპოთეკით არ ტვირთავენ ბინებს სანამ კორპუსში ლიფტი არ ჩაიდგმება. ამ კუთხით, კომპანიას ცვლილებები არანაირ პრობლემას არ შეუქმნის. თუ მე დავამთავრე მშენებლობა ბინებს ყველა ვარიანტში გავყიდი“,- განაცხადა არჩილ ჯაყელმა.


    მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე კი აცხადებს, რომ ისეთი ფიზიკური პირების რიცხვი, რომელთაც ორი ან მეტი იპოთეკური სესხი აქვთ მცირეა, გამომდინარე აქედან, ეს დეველოპერულ ბაზარზე არ აისახება.

    „დღევანდელი სურათი რასაც გვიჩვენებს იპოთეკური სესხების დატვირთულობა დაახლოებით 35 პროცენტია, რაც რიგ შემთხვევებში ბევრად უფრო ნაკლებია. ვისაც არ აქვს გრძელვადიანი განვადება იმათთან დაახლოებით 35 პროცენტია. საერთო ჯამში, პირები, ვისაც 2 იპოთეკა აქვთ, მათი რიცხვი ძალიან მცირეა და არ მგონია, რომ ამან დეველოპერულ ბაზარს დაარტყას. თუმცა, ჩემთვის გაუგებარია რატომ ვერ შეძლებს ფიზიკური პირი იპოთეკური სესხის აღებას, თუ მას შემოსავალი ჰყოფნის რამდენიმე იპოთეკაზე“,- აცხადებს თორნიკე აბულაძე.


    პროექტის თანახმად, სამოქალაქო კოდექსში იპოთეკის მუხლს რამდენიმე პუნქტი ემატება. მათ შორის, ფიზიკურ პირზე (ასევე ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი სესხის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.


    ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას, სესხის უზრუნველყოფის საშუალებად მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გამოყენება ვეღარ მოხდება.


    „ფიზიკურ პირზე (მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეზე) გასაცემი/გაცემული სესხის/კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი.


    ამასთან, თუ ერთი და იგივე ფიზიკური პირის (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმის) ან იურიდიული პირის სასარგებლოდ რეგისტრირებულია ორი იპოთეკის უფლება, მესამე და ყოველი მომდევნო იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას მასზე ვრცელდება ამ მუხლის მე- 4 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა, რომლის თანახმადაც, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მის ან სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი,“-აღნიშნულია პროექტში.

     

     

     

     


პარტნიორები