სიახლეები
-
25 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
25 ივნისი, მეზღვაურთა საერთაშორისო დღე! გილოცავთ ჩვენო მეზღვაურებო
25 ივნისი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) რეზოლუციის შესაბამისად 2011 წლიდან დადგენილია როგორც მეზღვაურთა საერთაშორისო დღე. საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ეს დღე უკვე მეოთხე წელია აღინიშნება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით 2014 წელს მეზღვაურის დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნა, რადგან როგორც მოგეხსენებათ 2013 წლის 22 ნოემბერს ევროკომისიის ევროპის საზღვაო უსაფრთხოებისა და გემებიდან გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების კომიტეტზე (Committee on Safe Seas and the Prevention of Pollution from Ships (COSS)) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას.
25 ივნისს დილიდან დაიწყო საზღვაო სასწავლებლების სტუდენტთა აღლუმი. მსვლელობა სათავეს იღებდა 6 მაისის პარკის შესასვლელთან. მეზღვაურის ფორმებში ჩაცმულმა სტუდენტებმა სასულე ორკესტრის თანხლებით, გაიარეს მ. აბაშიძის ქუჩა პატივი მიაგეს იუნკერთა საფლავს და მსვლელობა დაამთავრეს საზღვაო ნავსადგურის მე-10 ნავმისადგომთან, სადაც საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს აჭარის ა/რ რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე, ბ-ნ არჩილ ხაბაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძემ და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, კაპიტანმა მამუკა ახალაძემ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძემ საზღვაო დარგში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა ბ-ნი კარლო ოსაძე, ბ-ნი როლანდ რიჩკოვი, ბ-ნი პაატა ტაბაღუა და ქ-ნი ლუიზა წვერავა. მეზღვაურთა დღის ღონისძიებების სპონსორმა, საქართველოს ბანკმა სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, კაპიტანი მამუკა ახალაძე ევროკავშირის მიერ საქართველოში გაცემული მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვაო დროშის იმიჯის ამაღლებისათვის. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სოციალური გვერდის მეშვეობით გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულს, მეზღვაურ ირაკლი შაქარაშვილს საჩუქრად Ipad გადაეცა.
საზეიმო ღონისძიებაზე იყო მეზღვაურთა ფოტოკონკურსის და ძველი ბათუმის ფოტოების გამოფენა, გაიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტთა დადგმული ფლეშმობი, ხოლო დასასრულს ძველი ტრადიციის თანახმად პატივი მიაგეს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ზღვაში ყვავილების თაიგული ჩაუშვეს.
მთავარი ღონისძიების დასრულების შემდეგ ღონისძიებამ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გადაინაცვლა, სადაც ნავიგაციის და ფიზიკის ლაბორატორიების გახსნა, აკადემიის ეზოში სტუდენტებმა მოაწყვეს კონცერტი და საქველმოქმედო აქცია, რომელიც მიზნად ისახავდა სოციალურად დაუცველ სტუდენტთა დახმარებას.
მეზღვაურთა პროფესიული დღის აღნიშვნა ბულვარში ნიაზ დიასამიძის კონცერტით დასრულდა, რომელიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მიუძღვნა ქართველ მეზღვაურებს. კონცერტს მეზღვაურების გარდა ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქ-ნი ნათია მიქელაძე თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ბატონი რიჩარდ ნორლანდი. კონცერტი საზეიმოდ დასრულდა ფეერვერკით.http://mta.gov.ge