სიახლეები
-
06 ივნისი 2018თქვენი რეკლამა
თიზში მალე ექვსი მწარმოებელი ქარხანა ამოქმედდება
სილიციუმის მწარმოებელი ქარხანა უკვე მზად არის და მალე წარმოებაში გაეშვება.
ქარხანა, რომელიც 7 000 კვ.მეტრზეა განთავსებული, ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ერთ-ერთი მსხვილი პროექტია. მას ჩინური კომპანია ახორციელებს და 4 მილიონი დოლარიანი ინვესტიცია განხორციელდა. საწარმოში ამ ეტაპზე 120 ადამიანი დასაქმდება, თუმცა მომავალში მათი რაოდენობის ზრდა იგეგმება.
თიზის ხელმძღვანელის სოსო ნიბლაძის ინფორმაციით, თავისუფალ ზონას მალე შეემატება სამშენებლო მასალების და პლასმასის გრანულების მწარმოებელი ქარხანა.სრულდება სპირტის მეორე ქარხნის მშენებლობა, ხოლო არმატურის მწარმოებელი ქარხანა უკვე დასრულებულია და ხარისხის სერტიფიკატის მიღების პროცედურებს გადის.
თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში მალე მზის პანელების მწარმოებელი ქარხანის მშენებლობაც დაიწყება, რომელიც გერმანული ინვესტიციით დაფინანსდება. სოსო ნიბლაძის თქმით, მოლაპარაკებები დასრულებულია და კონტრაქტს ხელი უახლოეს პერიოდში მოეწერება.
„ იმ რაიონებში, სადაც წარმოდგენილია თიზი, მნიშვნელოვნად მატულობს როგორც პირდაპირი ასევე ირიბი დასაქმება, მათ შორის სამშენებლო სექტორში. იზრდება ექსპორტი და ამასთან ქვეყანაში შემოდის უცხოური კაპიტალი. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს უკვე ინვესტირებულია 70 მილიონ დოლარზე მეტი. თიზიდან საქართველოს ბიუჯეტში 4-პროცენტიანი გადასახადით მნიშვნელოვანი შემოსავალი შედის. ეს ასევე აისახება ტურიზმის სექტორზეც რადგან, ჩვენ ვმუშაობთ უცხოურ კომპანიებთან, ჩამოგვყავს დელეგაციები, რაც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს,“- განაცხადა სოსო ნიბლაძემ.
ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ორ წელიწადნახევარია ფუნქციონირებს და ყველაზე მზარდი ზონაა საწარმოო გადამმუშავებელი მიმართულებით. ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ამ დროისთვის 130 კომპანიაა დარეგისტრირებული.




