სიახლეები
-
21 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
მშენებლობის ხარჯების დათვლის დადებითი და სახიფათო მხარეები
ივნისიდან „საქსტატი“ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ხარჯების დათვლას და მის კვარტალურად გამოქვეყნებას იწყებს.
როგორც „საქსტატის“ ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსი გიორგი თეთრაული „კომერსანტთან“ განმარტავს, აღნიშნული ინდექსის საშუალებით შესაძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ მშენებლობის ხარჯები დროში როგორ იცვლება.
თეთრაულის განცხადებით, ხარჯების სტრუქტურის დამუშავება 5 ძირითადი კომპონენტის მიხედვით მოხდება:
1. სამშენებლო მასალების ფასები
2 ხელფასები
3. მანქანა დანადგარების ფასები
4. ტრანსპორტირების, წყალმომარაგების და გაზის დანახარჯები
5. სხვა ხარჯები.
„საქსტატის“ ფასების სტატისტიკის სამმართველოს უფროსის თქმით, ასეთი სტატისტიკის არსებობა სასარგებლო იქნება, როგორც ინვესტორებისთვის, ისე ბიზნესსექტორისთვის და შიდა მოხმარებისთვის. მისი განცხადებით, საწყის ეტაპზე მშენებლობის ინდექსი მაღალი და დაბალი სეგმენტისთვის ერთნაირი იქნება.
დეველოპერების წარმომადგენლები კომერსანტთან საუბარში „საქსტატის“ ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ, თუმცა გარკვეულ საფრთხეებს მაინც ხედავენ.დეველოპერული კომპანია GDG+ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ „საქსტატის“ ეს ინიციტაივა კარგია, თუმცა, შესაძლოა, ამან მაღალ სეგმენტში მომუშავე დეველოპერულ კომპანიებს პრობლემა შეუქმნას.
„გარეუბანში მშენებლობა იაფი ჯდება, ვიდრე ცენტრალურ უბნებში. ამ ინდექსის დადგენის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელი იქნება ის, თუ რა სეგმენტში შენდება ბინა. ქალაქში ერთიან ინდექსს ვერ შეინარჩუნებ. შეიძლება გლდანში კვადრატული მეტრი 160 დოლარი დადჯეს, ხოლო ვაკეში - 250 დოლარი,“ — აღნიშნავს წაქაძე.
მისი თქმით, ეს დაბალი სეგმენტისთვის კარგი იქნება. თუმცა, მაღალი სეგმენტის ადგილებში ბიზნესმენებს დასამტკციებელი ექნებათ, რომ არ ჯდება ის ინდექსი, რაც „საქსტატმა“ დათვალა.
„გლდანში როდესაც შენდება შენობა, იქ ბლოკში აძლევენ 1.25 ლარს, მე ვაშენებ სახლს ცენტრალურ უბანში, რომელშიც ვაძლევ 2.80 ლარს. როგორ შეიძლება ამათი ინდექსი ერთნაირი იყოს? ის ბლოკი უხარისხო არ არის, ის არის ჩვეულებრივი ბლოკი, ჩემი კი არის დათბუნებული. ფასიც აქედან გამომდინარე მაღალია. კარგი იქნება თუ ეს კოეფიციენტები დიფერენცირებული იქნება,“— აცხადებს წაქაძე.
დეველოპერული კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაურის აზრით, აღნიშნული ინფორმაციის არსებობა დადებითია, თუმცა მის გარეშეც სექტორში ოპერირება უპრობლემოდ იყო შესაძლებელი.
„ეს არის იმისთვის, ვისაც ეს აინტერესებს. უძრავი ქონების მიმართულებით ძალიან ბევრი აკეთებს ანგარიშებს და ეს ინფორმაცია, ალბათ, უფრო მათთვის იქნება მნიშვნელოვანი. თუმცა, ჩემი აზრით, მას განსაკუთრებული ეფექტი სავარაუდოდ არ ექნება, “— ასეთია კუნელაურის მოსაზრება.ტეგები