მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 08  მაისი  2018

    სამშენებლო სფეროში უამრავი პრობლემაა, მათ შორის მონოპოლია

    „სამშენებლო სფეროში პრობლემები მუდმივად არსებობდა ახლაც არსებობს და საბჭოს შექმნა გვიანი ნამდვილად არ არის,“ - ასე ეხმაურება სამშენებლო დეველოპელური სექტორი არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ფარგლებში სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს შექმნას.


    საბჭოს შექმნის გადაწყვეტილება კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აცხადებს, ერთ-ერთი გამოსავალი არსებულ სიტუაციაში არის ყველა მხარის ჩართვა, რათა ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს.


    „არსებობს ძალიან ვრცელი სივრცე იმ საკითხებზე, სადაც კონსულტაციების გაგრძელება არის მნიშვნელოვანი.


    საბჭოს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს დიალოგი. ყველანი ვთანხმდებით, რომ მშენებლობის სფერო არის ის სფერო, სადაც გვაქვს ეკონომიკური განვითარებისა და წინსვლის შესაძლებობა, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ძალიან დიდი გამოწვევები“, - განაცხადა რომან კაკულიამ.



    სამშენებლო სექტორის აზრით, ისინი დღეს ნამდვილად ბევრი გამოწვევისა და პრობლემის წინაშე დგანან. „კომერსანტთან“ საუბრისას, კომპანიების წარმომადგენლები ძირითად პრობლემად ქალაქგეგმარებითი, უსაფრთხოების და ნებართვების საკითხებს კვლავ პრობლერმატურად ასახელებენ. ასევე მათი განცხადებით, საბჭოს შექმნა გვიანი არ არის, რადგან მთავარია ის მოქნილი იყოს და სამშენებლო სეგმენტის განვითარებას შეუწყოს ხელი.



    როგორც „მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, სამშენებლო სფეროს ყურადღების მიქცევა სჭირდება, თუმცა მხოლოდ აქ რეგულაციების გამკაცრება მისთვის გაუგებარია. როსტომაშვილი ქვეყანაში ურბანული პოლიტიკის სამინისტროს არსბებობას საჭიროდ მიიჩნევს, რადგან ამის საჭიროება დგას.



    “სამშენებლო სფეროს ყურადღების მიქცევა სჭირდება, რადგან ეს მის დარეგულირებას შეუწყობს ხელს. ბევრი პრობლემაა რომელიც უნდა გადაიჭრას. დღეს ყველა ჯოხი მშენებლობაზე ტყდება, რაზეც მე ძალიან ბევრი შენიშვნა მაქვს.





    როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ მშენებლობაზე რეგულაციები გამკაცრდა ეს მისაღებია, თუმცა ჩემთვის გაუგებარია მხოლოდ მშენებლობაზე რატომ მკაცრდება და სხვა სფეროში არა. რა თქმა უნდა, წესრიგის დამყარების მომხრე ვარ, თუმცა ყველა დარგში. ურბანული პოლიტიკის სამინისტრო ყველა ქვეყანაშია და მხოლოდ ჩვენ ვართ გამონაკლისები ეს დღეს აუცილებელია,“- აღნიშა როსტომაშვილმა.

     

    სამშენებლო კომპანია „ივერონის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი მიიჩნევს, რომ ყველა ზემოთაღნიშნულ პრობლემასთან ერთად ბაზარზე მონოპოლიაცაა.




    „კარგი იქნება თუ საბჭო ჩვენ რეალურად სხვადასხვა მიმართულებებს მოგვცემს და ასევე მცირე ბიზნესებსაც ექნება ხელშეწყობა. მონოპოლია პრობლემაა და ის მცირე ბიზნესს ხელს უშლის.

    სამშენებლო სფეროში პრობლემები მუდმივად არსებობდა და ახლაც არსებობს, ხოლო საბჭოს შექმნა გვიანი ნამდვილად არ არის, მთავარია მოქნილი იყოს და ქვეყნის განვითარებას შეუწყოს ხელი,“- განაცხადა ჯაყელმა.



    მისივე განცხადებით, „საბჭო თუ მოქნილს გახდის და გარკვეულ მოვლენებს, თუნდაც ნებართვების კუთხით დააჩქარებს, ასევე ქალაქგეგმარებითი მიმართულებით იმუშავებს, რა თქმა უნდა, მისი შექმნის ფაქტი დადებითია.

    თუ ყურადღება მოგვექცევა და ჩვენ აზრს გაითვალისწინებენ ძალიან კარგი იქნება, სამშენებლო სექტორში ბევრი პრობლემაა. მაგალითად გენგემის საკითხი ის, რომ ამ დრომდე გაიწელა და ის ჩამოუყალიბებელია, ასევე უსაფრთხოების ნორმები კვლავ მოსაგვარებელია,“ - აღნიშნა არჩილ ჯაყელმა.



    საინვესტიციო კომპანია „ბლოკ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თორნიკე ჯანაშვილის თქმით, სამშენებლო სექტორში სიახლე და წინსვლა ყოველთვის მისასალმებელია, თუმცა ეფექტურობა და ობიექტურობა დაცული უნდა იქნას.



    „საბჭოების მუშაობა ზოგადად არაეფექტური მგონია, რადგან მგონია, რომ ერთიანი თამაშის წესები უნდა არსებობდეს. მაგალითად, მშენებლობის ნებართვების უფლება გასარკვევია. პასუხების გაცემას ზოგჯერ რამდენიმე წელი სჭირდება და მე ამაში პრობლემას ვხედავ.



    რაც შეეხება საბჭოს შექმნას, წინსვლა ყოველთვის კარგია, თუმცა ეფექტურად და ობიექტურად უნდა იმუშაოს“, - აღნიშნა ჯანაშვილმა.



    ცნობისთვის, პარლამენტში განხილვის პროცესშია „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო კოდექსი“. კოდექსის პროექტი მთავრობამ მოამზადა და ის პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.
     

     

     

    ტეგები


პარტნიორები