სიახლეები
-
თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა (ATC) 10 მაისს ოფიციალურად იხსნება.
თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა (ATC), რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია ELBIT Systems – Cyclone-ის ერთობლივი პროექტია, 10 მაისს ოფიციალურად იხსნება.
სამი წლის წინ, როდესაც ამიერკავკასიაში პირველად მაღალტექნოლოგიური ქარხანის მშენებლობა დაიწყო, პროექტის საინვესტიციო ღირებულებად 85 მლნ დოლარი დასახელდა, თუმცა, როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, ქარხნის მშენებლობასა და ტექნიკურ აღჭურვას საბოლოოდ 93 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია დასჭირდა.
საპარტნიორო ფონდის განმარტებით, მშენებლობის პროცესში ქარხნის მასშტაბი გაიზარდა და საინვესტიციო თანხების ზრდაც, სწორედ ამან გამოიწვია.
თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა უკვე აშენებულია და პროდუქციის გამოშვებაც დაწყებულია, პარალელურად კვლავ აქტუალურია დამატებითი თანხების მოძიება. ამისათვის ორივე პარტნიორი - საპარტნიორო ფონდი და ELBIT Systems – Cyclone-იც კერძო ბანკებისგან სესხის აღებას ითხოვენ.
როგორც „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი მოლაპარაკებები „საქართველოს ბანკთან“ და „ვითიბი“ ბანკთან მიმდინარეობს, თუმცა პირობების შეუთანხმებლობის გამო პროცესი ჭიანურდება.ამ საკითხის გარკვევა ვცადეთ „საქართველოს ბანკთან“, სადაც კომერციული ინტერესების საბაბით, კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს.
რაც შეეხება საპარტნიორო ფონდს, აქ ადასტურებენ, რომ ბანკებთან მოლაპარაკები მართლაც მიმდინარეობს და ეს პროცესი გარკვეულწილად დროში იწელება. მათი თქმით, სესხის მოძიება, რომელიც ქარხნის მუშაობისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის არის საჭირო, ამ ეაპზე არანაირ პრობლემას არ ქმნის, რადგან ყველაფერი ბიზნესგეგმის მიხედვით ვითარდება.
„თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების ქარხანა ქართული სინამდვილისთვის აბსოლუტურად ახალი რეალობაა. შესაბამისად, ახალი სფეროა ბანკებისთვისაც, ამიტომ დეტალურად ხდება მუშაობა პროცედურებზე, ხელშეკრულების პირობებზე და ა. შ. ჩვენი მიზანია, რომ მოლაპარაკებები დასრულდეს სასურველი შედეგით და ალტერნატიული წყაროები იყოს მოძიებული“, - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.
ამიერკავკასიაში პირველ მაღალტექნოლოგიურ ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია უმაღლესი სტანდარტის მქონე, თანამედროვე მანქანა-დანადგარები, რომლებიც Elbit Cyclone-ის სპეციალისტებმა აშშ-დან ჩამოიტანეს. მათ შორის არის ორი ავტოკლავი, ყველაზე მნიშვნელოვანი და გაბარიტული ნაწილი, რომელიც პროგრამული მართვის ჩარხების დეტალების დამუშავებაზე აგებს პასუხს. წარმოებული პროდუქციის - კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა, 100 პროცენტით ექსპორტზეა ორიენტირებული და მისი მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორც არის Boeing, Airbus, Bombardier და მსოფლიოს სხვა წამყვანი ბრენდული ავიამწარმოებლები.
მართალია, კომერციული ინტერესებიდან გამომდინარე ATC-ს ფინანსური დირექტორი მიშა ბეგიაშვილი ამ ეტაპზე არ ასახელებს კონკრეტულად რომელი ავიამწარმოებლები მიიღებენ პირველ ქართულ პროდუქციას, მაგრამ კომერსანტთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ქარხანას უკვე საკმად ბევრი კონტრაქტორი ჰყავს და 2019 წლამდე ყველა კომპოზიტიური დეტალი გაყიდულია.ტეგები