სიახლეები
-
08 მაისი 2018
თქვენი რეკლამა
კახა კალაძე – ელექტროავტობუსების ქარხნის აშენებაზე ვმუშაობთ
„ფრეგობასი“ გერმანულ კომპანიასთან – EURABUS – და ჩინურ კორპორაციასთან – ZTE Corporation – ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავს. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელთაც შედუღება არ სჭირდება. მათივე განმარტებით, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია სექციებადაა დაყოფილი და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს, ელექტროავტობუსის პრეზენტაციაზე აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება.
„როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ. ასევე, ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე და საქართველოში ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის პირველი ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. კომპანია ქარხნის ამუშავების შემდეგ 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.