მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  მაისი  2018

    მირზა შაფის პროექტის ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ორ თვეში გეგმავს

    მირზა შაფის პროექტის ინვესტორი კომპანია CAPITAL PARTNERS OF GEORGIA სამშენებლო სამუშაოების დაწყებას ორ თვეში გეგმავს. როგორც „სითი კვირას“ CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ში განუცხადეს, სამშენებლო მოედანი მირზა შაფის ქუჩაზე უკვე მზადაა და პროექტის რეალიზაცია ორ თვეში დაიწყება.

     



    “ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი კაპიტალის მოძიება. მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორთან აქტიურ ფაზაშია. სხვა დამატებთი დეტალების გასაჯაროებისაგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ“,- აცხადებენ CAPITAL PARTNERS OF GEORGIA-ის ხელმძღვანელობაში.
    ბოლო წლების განმავლობაში მირზა შაფის ქუჩა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. 2009 წელს ქალაქის მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მირზა შაფზე არსებული თითქმის ყველა შენობა დაანგრიეს, ადგილობრივი მოსახლეობა იძულების წესით გაასახლეს და იქ მრავალფუნქციური საცხოვრებელი უბნის მშენებლობაზე კონკურსი გამოაცხადეს. თბილისის მერიის ამ გადაწყვეტილებას მთელი რიგი არასამთავობო ორგანიზაციების და მოქალაქეთა ნაწილის პროტესტი მოყვა.

    მირზა შაფის ქუჩა სეიდაბადში, თბილისის აბანოთუბანში, თაბორის მთის ძირში მდებარეობდა. საცხოვრებელი სახლები კლდეზე შეფენილ, ტერასულ განაშენიანებას ქმნიდნენ. არასამთავრობოების განცხადებით, თავის სიძველის, რელიეფის, ფორმის და განაშენიანების ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე მირზა შაფის ქუჩა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად უნდა ყოფილიყო აღიარებული. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

    ვინ იყო მირზა შაფი და რა კავშირი აქვს მას თბილისთან?

     

     

    აზერბაიჯანელი პოეტი, მირზა შაფი ვაზეჰის ფსევდონიმით იყო ცნობილი და ის განჯაში 1794 წელს დაიბადა. ბაბუამისი მუჰამედ შაფი განჯელი დიდგვაროვანი იყო, მამამისი კერბელაი სადიხი ხუროთმოძღვარი იყო ჯავად-ხანის, განჯის ბოლო მმართველის, სასახლეში. ახალგაზრდა შაფიმ საწყისი განათლება მადრასაში მიიღო, სადაც არაბული და სპარსული ენები შეისწავლა. მშობლებისა და ძმის გარდაცვალების გამო, იძულებული შეიქნა სწავლა შეეწყვიტა. ამ პერიოდში თავის რჩენა გადამწერად მუშაობით უხდებოდა, მოგვიანებით კი მდივნად და ხარჯთაღმწერად ჯავად-ხანის ქალიშვილის, ფუსთა-ხანუმის მამულში. 1840 წლიდან მირზა შაფი თბილისში მოღვაწეობდა. თბილისის სამაზრო სასწავლებელში ასაწავლიდა აზერბაიჯანულ და სპარსულ ენებს. 1844 წელს დააარსა ფილოსოფიური წრე. ამავდროულად წერდა სატირული ჟანრის ნაწარმოებებს, სატრფიალო ლექსებს, ამხელდა რელიგიურ ფანატიზმს და დასცინოდა ტირანებს, დესპოტიზმს.
    მირზა შაფს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი გერმანელმა პოეტმა, ფრიდრიხ ბოდენშტედმა, რომელმაც ის 1844 წელს გაიცნო. მორზა შაფი მას აზერბაიჯანულ, სომხურ და სპარსულ ენებს ასწავლიდა. ფრიდრიხ ბოდენშტედი თავის წიგნში „ ათას ერთი ღამე აღმოსავლეთში“ წერს: „თუ ჩემი პატივცემული მასწავლებელი მოისურვებდა დასავლეთში მრავალი მეგობრის შეძენას, მზად ვარ მსოფლიოს წარვუდგინო მთელი თავისი სიდიადით.“
    მირზა შაფი თბილისში 1852 წელს გარდაიცვალა.

     

     

     


     

    ტეგები


პარტნიორები