სიახლეები
-
24 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
სააკაძის მოედნის შემდეგ "ჰოლიდეი ინის" მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური სააკაძის მოედნის რეკონსტრუქციას იწყებს. სამუშაოები ივლისის მეორე ნახევარში დასრულდება. თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მოედნის რეკონსტრუქცია გერმანული საკონსულტაციო კომპანია “A+S”-ის მიერ, 2016 წლის დასაწყისში თბილისის მასშტაბით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიმდინარეობს. როგორც ლექვინაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, დედაქალაქში საცობების მართვის ერთ-ერთი ნაწილი ინფრასტრუქტურულ კომპონენტს მოიცავს და ქალაქში რამდენიმე მსგავსი კვანძის რეკონსტრუქცია იგეგმება.
კვლევის მიხედვით მსგავს ტერიტორიებში სააკაძის მოედნის გარდა შედის გმირთა მოედნის და 26 მაისის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები.
"მოედანზე მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დამონტაჟდება შუქნიშნები და განახლდება საგზაო მონიშვნები. ასევე გაუქმდება პარკინგის რამდენიმე წერტილი. ეს კი გამტარუნარიანობას დაახლოებით 8-10%-ით გაზრდის", - ამბობს ლექვინაძე.
მისივე თქმით, შემდეგი ადგილი, სადაც რეკონსტრუქციაა დაგეგმილი სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ მიმდებარე ტერიტორიაა. ლექვინაძის განცხადებით, ამ ეტაპზე კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"სასტუმროს წინ მოწყობილი პარკინგი არის კერძო ტერიტორია, რომელიც თავის დროზე გაყიდულია, შემდეგ კი გადაყიდული რამდენჯერმე და არის სივრცე რომელიც პარკინგად გამოიყენება. გეგმის მიხედვით, ტერიტორიის მოცვა ხდება, ამიტომ პროცესი დამოკიდებულია მოლაპარაკებაზე. განიხილება რამდენიმე ვარიანტი: შესაძლოა შეიცვალოს მიმართულებები, ახალი ნიშნები გაკეთდეს, განიხილება საგვირაბო ესტაკადის საკითხიც“, - განაცხადა ლექვინაძემ.