სიახლეები
-
23 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
გუდაურში 100 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იწყება
დეველოპერული კომპანია „რედკო" გუდაურში მასშტაბურ პროექტს იწყებს. როგორც კომპანიის პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური „კომერსანტთან" ექსკლუზიურად აცხადებს, უახლოეს მომავალში კომპანია გუდაურში სასტუმრო-გასართობი კომპლექსის მშენებლობას დაიწყებს, რომელშიც ჯამში 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უცხოურ ინვესტიციას განახორციელებს.
კუნელაური აცხადებს, რომ კომპანიამ კერძო პირებისგან 500 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უკვე შეიძინა. ადგილზე დაგეგმილია 27 სასტუმროს, კოტეჯების, გასართობი ცენტრების, და რესტორნების მშენებლობა. ასევე იგეგმება ჩოგბურთის კორტების მოწყობაც. „ყველაფერი მოეწყობა, რაც კურორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია" -აცხადებს კუნელაური.
მისივე თქმით, ხვალ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და „რედკოს" შორის მემორანდუმი გაფორმდება. კუნელაური ამბობს, რომ მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომისთვის დაიწყება და სავარაუდოდ 5 წელში დასრულდება.
კომპანია „რედკო" ახორციელებს ისეთ მსხვილ პროექტებს, როგორებიცაა: გუდაურში 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც „რედკო" სასტუმროების საერთაშორისო ბრენდ „რედისონის" შემოყვანას გეგმავს. გარდა ამისა, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი გუდაურში "New Gudauri IV", სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი ბაკურიანში დიდველის გონდოლასთან, "ბათუმი თაუერის" გვერდით ახალი შენობის მშენებლობა, რომელშიც LeMeridien ქსელის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა განთავსდეს; ვაკე-საბურთალოს ახალ გზაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა.