სიახლეები
-
23 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი ესტაკადის მოწყობის სამუშაოები იწყება
თბილისის საბურთალოს რაიონში, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები იწყება. დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე 140 ძირი ხის დარგვა იგეგმება იმ ხეების სანაცვლოდ, რომელთა მოჭრა ან გადარგვა, პროექტის თანახმად გარდაუვალია.
თბილისის მერი კახა კალაძე, მოსამზადებელ სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნო.
მისი თქმით, ქალაქის ქუჩების საცობებისგან განსატვირთად მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის განხორციელებას დაახლოებით, ხუთი თვე დასჭირდება და 2 700 000 ლარი დაიხარჯება.
“ეს ორეტაპიანი პროექტი იქნება, რომელთაგან პირველი სწორედ ეს სატრანსპორტო კვანძია, ხოლო მეორე თამარაშვილის კვანძის მოწესრიგება იქნება. ასევე, დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 140 ძირი ხე დაირგვება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტერიტორიაზე არსებული ხეები გადავრგოთ. შესაბამისი ტექნიკაც გვაქვს ამისთვის, ხოლო ის ხეები, რომლებიც გადარგვას ვერ დაექვემდებარება, მოიჭრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე, ახალი, ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის მოსამზადებელ სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, საბურთალოს რაიონის გამგებელი და თბილისის საკრებულოს წევრები გაეცნენ.
„მსგავსი მასშტაბისა და მოცულობის სამუშაოების დროს, ყოველთვის საჭიროა, მოძრაობის გარკვეულწილად შეზღუდვა. ამ შემთხვევაშიც, გარკვეული სახის შეზღუდვები გვექნება. საპატრულო პოლიციასთან ერთად, აქტიურად ვთანამშრომლობთ და იმედი გვაქვს, რომ ამ პრობლემას ერთობლივად მოვაგვარებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.ტეგები