სიახლეები
-
18 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისის ძველი შენობების მაქსიმალური სეისმოგამძლეობა 7 ბალზეა გათვლილი
შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელი ორგანიზაციების ინფორმაციით, საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია. ხოლო ახალაშენებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დაახლოებით, 60% დასაშვებ ნორმას ვერ გაუძლებს.
ექსპერტთა თქმით, მოსალოდნელი საფრთხის წინაშე საქართველო და განსაკუთრებით დედაქალაქი დგას, ამიტომ საჭიროა შეისწავლონ რა ტიპის შენობა-ნაგებობებისგან შედგება თბილისი, როგორია მათი ხანდაზმულობის ვადა, რა უსაფრთხოების ნორმებია გამოყენებული და როგორ შეიძლება ეშველოს უკვე ავარიულ შენობებს.
“ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ ქალაქის ერთი ნაწილი მანამდე აშენდა, ვიდრე სეისმომედეგობის საკითხი წამოიჭრებოდა, უფრო დიდი ნაწილი კი XX საუკუნის 60-დან 80-იანი წლების ბოლომდე პერიოდში განაშენიანდა და მაქსიმალური სეისმოგამძლეობა 7 ბალზეა გათვლილი”, – ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
ექსპერტების განმარტებით, საგანგებო კვლევების გარეშეც ჩანს, რომ უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში აშენებულ შენობებში, ფაქტობრივად, არ გამოუყენებიათ სეისმოიზოლაცია. უსაფრთხოების ასეთი მეთოდი მხოლოდ გმირთა მოედნის ესტაკადებზეა გათვალისწინებული.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების წლოვანების ან სეისმომედეგობის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა და არც სტატისტიკა არსებობს. შესაბამისად, ამ საკითხით დაინტერესებულ მოქალაქეებს, იმის დადგენა, თუ როგორ სახლში ცხოვრობს, მხოლოდ კერძო ექსპერტთა ჯგუფის დახმარებით შეუძლიათ.
2002 წლის მიწისძვრამ დედაქალაქს 24 000 ავარიული შენობა დაუტოვა. ექსპერტების აზრით, პრობლემისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი გამოსავალი შენობების სეისმოიზოლაციაა.