სიახლეები
-
11 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისის გზებისა და ხიდების რესტავრაციაზე 10 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაციის პარალელურად, რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციასაც იწყებს.
დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, აღნიშნული პროექტების გარდა, ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობა და მასთან მისასვლელი გზის რესტავრაციაც იწყება. გარდა ამისა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება მდინარე გლდანულაზე არსებულ გადასასვლელ ხიდებს.
თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, პეტრიწის ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებზე, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი დაიხარჯება და სექტემბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს საკომუნიკაციო ქსელის სრულ რეაბილიტაციას, ახალი ასფალტის საფარის დაგებას, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზის სავალი ნაწილის მოწყობას. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი.
როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, დღეს იწყება რამიშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც, რომლის ღირებულება, დაახლოებით, 300 000 ლარია. პროექტის ფარგლებში შეიცვლება დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები, განახლდება ტროტუარები და ბორდიურები. ამისათვის საჭირო გახდება ტრანსპორტის მოძრაობის ეტაპობრივი შეზღუდვა, რასაც თბილისის მერია საპატრულო პოლიციასთან კოორდინაციით უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდის მშენებლობისა და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას, სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და პროექტისთვის 2 300 000 ლარი დაიხარჯება.
თბილისის მერის მოადგილის თქმით, რამდენიმე დღეში დაიწყება გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე მდინარე გლდანულაზე მდებარე ხიდების სარეკონსტრუქციო სამუშაოებიც. სამუშაო პროცესი 2019 წელს დასრულდება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიონი ლარია.ტეგები