სიახლეები
-
05 აპრილი 2018
თქვენი რეკლამა
კახეთის გზატკეცილის რესტავრაცია ორ ეტაპად განხორციელდება
თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალის, კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რესტავრაციას ახორციელებს. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი საექსკავაციო სამუშაოებსა და სანიაღვრე ქსელის მოწყობას გულისხმობს. მეორე ეტაპზე – რესტავრაცია ჩაუტარდება ცენტრალურ მაგისტრალს. სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულება შემოდგომით იგეგმება.
სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის მერი, კახა კალაძე დღეს, ადგილზე გაეცნო.
მისი ინფორმაციით, პროექტით 7.3 კმ სიგრძის მონაკვეთის, ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს.
როგორც თბილისის მერი აცხადებს, უკვე გამოცხადებულია ტენდერი გზაგამყოფის მოწესრიგებაზე, რომლის ფარგლებში შეიცვლება განათების ბოძები და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება.
“ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა და გარდა იმისა, რომ აეროპორტის მიმართულებით მიდის, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის რეგიონს აკავშირებს. ექვსი თვის განმავლობაში, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, ორ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.
მიმდინარე პროექტს დედაქალაქის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და სამგორის რაიონის გამგებელი დავით კერესელიძე გაეცნო.ტეგები