სიახლეები
-
29 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
მენაშენეთა ასოციაციაში“ დედაქალაქის უბნების „სპორტისსასახლიზაცია“ დაუშვებლად მიაჩნიათ
„მენაშენეთა ასოციაციაში“ დაუშვებლად მიიჩნევენ დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიების „სპორტისსასახლიზაციას“.
ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი მიიჩნევს, რომ „არ უნდა ხდებოდეს თბილისის ქაოტური განაშენიანება და კონკრეტულ უბნებთან მიმართებაში კონკრეტული ხედვა უნდა არსებობდეს“.
აღნიშნული განცხადება ირაკლი როსტომაშვილმა თბილისის მერის კახა კალაძის მიერ ლისის ტბის მიმდებარედ მშენებლობებზე ნებართველის გაცემის შეჩერებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„გაასაგები და მისაღებია მერიის პოზიცია – ვიდრე რამე გაფუჭდება, ჯობია დროებითი მორატორიუმი დაედოს კონკრეტულ ტერიტორიას“, – მიაჩნიათ მენაშენეებს.
„მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, მიუხედავად შეხედულებების თანხვედრისა, თბილისის მერიას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინოს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღების დროს, რათა კონკრეტული უძრავი ქონების მფლობელები არ დაზარალდნენ.
„მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს მოქალაქეები და კომპანიები, რომლებისთვისაც ეს არის კონკრეტული კერძო საკუთრება, რომლებიც დამოკიდებულები არიან ამ საკუთრებაზე. ზოგს ბანკიდან აქვს აღებული მშენებლობის კრედიტი და პროცენტს იხდის, ზოგმა გაყიდა ტერიტორია და სავარაუდოდ მყიდველი მომდევნო გადასახდელ ტრანშს შეუჩერებს. შესაბამისად, ასეთ დროს უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები“, – აცხადებს ირაკლი როსტომაშვილი.
ორგანიზაციის თავმჯდომარე დედაქალაქის განაშენიანებასთან მიმართებაში სისტემურ და კონცეპტუალურ მიდგომებს მხარს უჭერს, თუმცა მოუწოდებს მერიას, ძალიან მკაფიოდ განსაზღვროს ამ მორატორიუმის ვადა („ეს არავითარ შემტხვევაში არ უნდა იყოს 2 თვეზე მეტი“, – ირაკლი როსტომაშვილი. რედ.), და აიღოს ვალდებულება რომ მაქსიმუმ ამ ვადის გასვლისთანავე წარმოადგენს ძალიან მკაფიო ხედვას აღნიშნული ტერიტორიების რეგულირების წესების შესახებ.
„თუ ვადის კომპონენტი დაემატება მერიის განცხადებას, მაშინ თბილისის მერის ამ ნაბიჯს პოზიტიურად ვაფასებთ“, – განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.
თბილისის მერია ლისის ტბის არეალში განაშენიანების პროცესის დროებით შეჩერებას გეგმავს. ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე განაცხადა.
მერის განცხადებით, აღნიშნული ტერიტორიის პოტენციალის კვლევა უკვე დაწყებულია, რომლის საფუძველზე ურბანული განვითარების სამსახური განვითარების ჩარჩო გეგმას მოამზადებს.
„ამ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესები ცხადყოფს, რომ დგას იმ ბუნებრივი მახასიათებლების გაქრობის საფრთხე, რის გამოც ლისი, როგორც სარეკრეაციო სივრცე ამდენად მიმზიდველია თბილისელებისთვის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გადაუდებელი ამოცანაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ქაოტური განაშენიანების პროცესის შეჩერება და განვითარების სწორ კალაპოტში მოქცევა. ამიტომ, ამ ეტაპზე მიზანშეწონილია, რომ ლისის არეალში დროებით შეჩერდეს განაშენიანების პროცესი." აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმდინარე ქაოტური განაშენიანება რჩება.ტეგები