სიახლეები
-
28 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
ვერეს ხეობასა და დიღმის ჭალებში განაშენიანების გეგმა თბილისის მერიამ არ დაამტკიცა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში დიღმის ჭალებში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას უარი ეთქვა და ვერეს ხეობასა და მტკვრის კალაპოტში გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გასაბათილებლად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც კახა კალაძემ დღეს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე განმარტა, შესაბამის დოკუმენტებში სერიოზული ხარვეზები აღმოჩნდა. ქალაქის ხელმძღვანელობას ამ კონკრეტულ ადგილებში მშენებლობა მიზანშეუწონლად მიაჩნია.
კალაძემ სხდომაზე ყურადღება განაშენიანების ნებართვის დაუკმაყოფილებელ მოთხოვნებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ბოლო 4 თვის განმავლობაში მერიამ უარი თქვა 600-მდე განაცხადის დაკმაყოფილებაზე, რადგან წარმოდგენილი მოთხოვნები, რიგ შემთხვევებში, ზონის ცვლილების ან კოეფიციენტის მატების თაობაზე, ქალაქის განვითარების არსებულ პარამეტრებს არღვევდა.
“მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი მიდგომა. მშენებლობას და განვითარებას არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტია და ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, მაგრამ მშენებლობა, ქალაქის განვითარება სწორად უნდა მოხდეს. ჩვენ დეველოპერებს და ინვესტორებს ამ პროცესის სწორად წარმართვაში შევუწყობთ ხელს, რათა დაცული იყოს ქალაქის ინტერესები, კერძო ინტერესები და რა თქმა უნდა, ინვესტორების ინტერესები”,- განაცხადა დედაქალქის მერმა.ტეგები