სიახლეები
-
28 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
ანაკლია სითი იორდანიის მსხვილ ეკონომიკურ ზონასთან იწყებს თანამშრომლობას
ანაკლია სითის გუნდი იორდანიაში, აკაბის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში (ASEZ) იმყოფება, სადაც ეკონომიკური ზონის მმართველობასთან და სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავს.
აკაბის სპეციალურ ეკონომიკურ ზონასთან, რომელიც რეგიონში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე სტრატეგიულ და წარმატებულ პროექტად ითვლება, „ანაკლია სითიმ“ პარტნიორობა დაიწყო და მასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ვიზიტის ფარგლებში „ანაკლია სითის“ მენეჯმენტმა მოლაპარაკებები გამართა აკაბის სპეციალური ეკონომიკური ზონის მმართველი სტრუქტურის და მისი დეველოპერი კომპანიის (ADC) წარმომადგენლებთან და აკაბის პორტების მენეჯმენტთან. ქალაქ ანაკლიისა და ეკონომიკური ზონის გუნდმა ასევე შეხვედრები გამართა რამდენიმე მსხვილ საერთაშორისო კომპანიასთან, რომლებიც აკაბის ეკონომიკურ ზონაში ლოგისტიკური, სამშენებლო და სასტუმრო ინდუსტრიის მიმართულებით მუშაობენ. აღნიშნულ შეხვედრებზე საქართველოსა და ანაკლიის პოტენციალი და მომავალი შესაძლო პარტნიორობა განიხილეს.
აკაბა იორდანიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სპეციალური ეკონომიკური ზონაა (ASEZ ) და იგი სტრატეგიულ ლოკაციაზე, წითელ ზღვაზე არსებული აკაბის პორტების მიმდებარედ ვითარდება. აკაბის მულტისექტორული სპეციალური ეკონომიკური ზონა იორდანიის სანაპიროს, საპორტო ინფრასტრუქტურასა და აეროპორტსაც მოიცავს. ამ დროისათვის ეკონომიკურმა ზონამ უკვე შეძლო მოეზიდა 16 მილიარდზე მეტი დოლარის ინვესტიცია და არაერთი საერთაშორისო კომპანიის წარმომადგენლობა რეგიონში.
„ანაკლია სითი“ უკვე თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ეკონომიკურ ზონასთან - სამხრეთ კორეის ინჩეონთან და ჩინეთ-ყაზახეთის საზღვარზე მდებარე ხორგოსის მასშტაბურ ეკონომიკურ ზონასთან.ტეგები