სიახლეები
-
22 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
თბილისი და მინსკი საბინაო-კომუნალურ სფეროში ითანამშრომლებენ
თბილისი და მინსკი პრაქტიკული ცოდნისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებას საბინაო-კომუნალურ სფეროში, კერძოდ, ტექნიკური მომსახურებისა და საბინაო ფონდის კაპიტალური რემონტის, ეზოებში პარკირების ადგილების მოწყობისა და საბინაო-კომუნალურ სფეროში მოწინავე IT ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით ითანამშრომლებენ.
თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცმა 2018-2020 წლებში თანამშრომლობის პროგრამას მოაწერეს ხელი.
ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი ასევე მოიცავს პარტიორობის განვითარებას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და ტრანსპორტის სფეროებში.
როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუმარტეს, ქალაქები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა მოსახლეობის მომსახურება, ენერგოეფექტურობა, მაღალი ტექნოლოგიები და ინოვაციები. ასევე, გაცვლიან საინვესტიციო შეთავაზებებს და ორგანიზებას გაუწევენ ერთობლივ ბიზნესფორუმებს.
თბილისის მერის განცხადებით, ორ ქალაქს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს და ის კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს. იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, კალაძის აზრით, თბილისს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს მინსკთან, წლების განმავლობაში არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და საინტერესო გახდეს.
“ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თანამშრომლობის პროგრამის თანახმად, აქტიურად განვითარდება ურთიერთობები ტურისტულ სფეროში, რაც მინსკისა და თბილისის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, ტურისტული გამოფენების, ფორუმებისა და მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრების მოწყობას ითვალისწინებს. თბილისი და მინსკი გაცვლიან სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციას, განთავსდება თემატური ბანერები საინფორმაციო-ტურისტული ცენტრების ვებგვერდებზე; უზრუნველყოფილი იქნება ორივე დედაქალაქში დაგეგმილი და განხორციელებული ტურისტული ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერა.
მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცის განცხადებით, თბილისსა და მინსკს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება.
„დღეს ხელი მოვაწერეთ 2018-2020 წლების თანამშრომლობის განვითარების პროგრამას, რომელიც ორი ქალაქის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა სფეროს მოიცავს. ჩვენ აქტიურად და დინამიურად ვვითარდებით 2015 წლის სექტემბრიდან და დარწმუნებული ვარ, რომ როგორც თბილისის, ასევე მინსკის მოსახლეობა ხედავს, რომ ურთიერთობები როგორც კულტურული, ასევე ეკონომიკური პროექტების დონეზე ვითარდება“, – განაცხადა ანდრეი შორეცმა.
თანამშრომლობის პროგრამის ხელმოწერამდე, თბილისის მერსა და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა გაიმართა.ტეგები