მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  ივნისი  2016

    ლებარდეს ისრაელელი ინვესტორები განავითარებენ

    კურორტ „ლებარდეს" განვითარებით ისრაელელი ინვესტორები დაინტერესდნენ. რეგიონში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ „კომერსანტთან" მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ განაცხადა. მისი განმარტებით, უშუალოდ მასთან ინვესტორები არ მისულან, თუმცა, აქვს ინფორმაცია, რომ კურორტით სერიოზულად არიან დაინტერესებული და უახლოეს დღეებში მთავრობასთან თანამშრომლობას ოფიციალურად გააფორმებენ.

    გრიგალავას ინფორმაციით, ინვესტორებს უკვე დაქირავებული ჰყავთ სპეციალისტების ჯგუფი, მათ შორის გეოლოგების, რომლებიც ადგილზე მუშაობენ. როგორც მარტვილის გამგებელი ამბობს, რომ ისრაელელ ინვესტორთა ჯგუფი ლებარდეს განვითარებაში დაახლოებით 170 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

    ისრაელელი ინვესტორები ლებარდეში 5 მცირე ჰესის მშენებლობასაც გეგმავენ, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურის მოწყობა. „ძალიან სასარგებლო პროექტია ჩვენი მუნიციპალტეტისთვის. ამოისუნთქავს რეგიონის მოსახლეობა. ძალიან ბევრი ბიზნესმენი დაინტერესდება და ბევრი მოინდომებს ლებარდეს განვითარებაში მონაწილეობის მიღებას. დასაქმდება ხალხი"-აცხადებს გრიგალავა.

    „კომერსანტი" დაინტერესდა ინვესტორის ვინაობით და იმით, თუ კონკრეტულად სად და რა დადგმული სიმძლავრის ჰესები აშენდება რეგიონში?

    ენერგეტიკის სამინისტროში ამბობენ, რომ მდინარე ტეხურაზე იგეგმება მცირე ჰესების მშენებლობა. მათი განცხადებით, ებრაულ კომპანიასთან მოლაპარაკებები მშენებლობასთან დაკავშირებით ახლა მიმდინარეობს. უკვე დასრულებულია ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა.


    როგორც გაირკვა, კომპანია, რომელიც მდინარე ტეხურზე ჰესების მშენებლობას და კურორტ ლებარდეს განვითარებას გეგმავს, ებრაული კომპანია „რაზგალ ენერჯია" , რომელიც თავის მხრივ ფლობს კომპანია კომპანია „ტეხური ენერჯის".

    როგორც „ტეხური ენერჯის" გენერალური დირექტორი მოგელი ტყებუჩავა აცხადებს, ებრაული კომპანია ტეხურის კასკადის მშენებლობაზე 220 მილიონი დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. პროექტი მოიცავს მდინარე ტეხურაზე 5 მცირე ჰესის მშენებლობას, რომელთა დადგმული სიმძლავრე ჯამში 112 მეგავატი იქნება.

    ტყებუჩავას განმარტებით, მთავრობასთან მშენებლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განსაზღვრება მშენებლობის როგორც დაწყების, ისე დასრულების ვადები.

    რაც შეეხება კურორტ ლებარდეს განვითარებას, ტყებუჩავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობასთან გადაწყდება და შეთანხმდება გზის მშენებლობის საკითხი, ებრაული კომპანია თავის თავზე აიღებს ვალდებულებას, რომ ლებარდებმდე გზაც მიიყვანოს. ეს კი ტყებუჩავას განმარტებით, კურორტის შემდგომი განვითარების საფუძველი გახდება.

    „ეს იქნება ცალკე პროექტი, თუმცა, ამ თვალსაზრისით ებრაული კომპანიის მხრიდან დაინტერესება არის. თუ ეს გადაწყდება, მაშინ დაჩქარებული წესით ეკონომიკის სამინისტროში წინადადებით შევალთ. ადგილზე თუ იქნება ელექტროენერგია, წყალი და გზა, კურორტი მიმზიდველი გახდება.

    შეგახსენებთ: საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები. კვირიკაშვილი კონკრეტულ კურორტებსაც ასახელებს, რომელთა განვითარებასაც, ბახმაროსა და აბასთუმნის გარდა, მთავრობა გეგმავს, ესენია ლებარდე, აბასთუმანი და სხვა.

     

     


პარტნიორები