სიახლეები
-
21 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ კურორტ ლაშიჭალას განვითარება იწყება
რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ბალნეოლოგიური კურორტი ლაშიჭალას განვითარებაზე სამოქმედო გეგმა მუშავდება. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ მიმდინარეობს კურორტის ტურისტული პოტენციალის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მისი განვითარება დაიწყება. საუბარია ისეთ კურორტებზე, როგორიცაა ლაშიჭალა და ძუღული. მისივე ინფორმაციით, კურორტის განვითარება მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში ჯდება.
როგორც გუბერნატორი აცხადებს, კურორტის სრულად განვითარებას რამდენიმე წელი დასჭირდება.
მარგველიძე ამბობს, რომ ლაშიჭალაში არსებული სანატორიუმი წლების განმავლობაში მიტოვებული და უფუნქციოდაა დარჩენული. მისი თქმით, საბჭოთა პეროდის შემდეგ კურორტზე არსებული სანატორიუმი დაკეტილია, ლაშიჭალაში ჩასული დამსვენებლების განთავსება კი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ხდება.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი განმარტავს, რომ მიუხედავად კურორტზე არსებული რთული მდგმარეობისა, ლაშიჭალა ტურისტების სიმცირეს არ განიცდის. მარველიძე ამბობს, რომ ამ დროისთვის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მუშაობს მისასვლელი გზების მოწესრიგებაზე, თუმცა, სამომავლოდ დაგეგმილია ლაშიჭალამდე მისასვლელი გზის კაპიტალურად შეკეთება.
კურორტ ლაშიჭალას დიდ ტურისტულ პოტენციალზე საუბრობს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი რევაზ ბენიძეც. მისი თქმით, მიუხედავდ იმისა, რომ კურორტზე არსებული სერვისები ისეთი არ არის, როგორც ეს თუნდაც საბჭოთა პერიოდში იყო, ლაშიჭალაში ტურისტების რაოდენობა მაინც დიდია. გამგებელი ამბობს, რომ კურორტს ძირითადად, რუსი და უკრაინელი ტურისტები სტუმრობენ. არიან დამსვენებლები თბილისიდანაც.
ბენიძის განმარტებით,მთის კანონი, რომელიც ძალაში 2016 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, სავარაუდოდ ინვესტორების მოზიდვის და დაინტერესების საფუძველი გახდება.
„დღეს კუროტს ადგილობრივები ამუშავებენ. მათ ინტერსშიც არის, რომ აქ ვინმე ინვესტორი მოვიდეს. გარდა ლაშიჭალისა, გვაქვს სხვა ადგილებიც, მაგალითად ძუღული," - აცხადებს ბენიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.
რაც შეეხება ბალნეოლოგიურ კურორტ ლაშიჭალას, ის ცაგერიდან 20 კმ-ში მდებარეობს. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება - საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებები.
როგორც ცნობილია, მთავრობა სხვა კურორტების რეაბილიტაციასა და განვითარებას გეგმავს. მათ შორისაა ლებარდე და ბახმარო. არსებული ინფორმაციით, ამ კურორტებით უკვე დაინტერესდნენ უცხოელი ინვესტორები.