სიახლეები
-
21 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
„სულორის" მფლობელი ინვესტორს ეძებს - უნიკალური კურორტის პოტენციალს სახელმწიფო ვერ იყენებს
კურორტ სულორის მფლობელი ინვესტორს ეძებს. როგორც შპს „კურორტ სულორის" ხელმძღვანელი ბონდო დვალიშვილი „კომერსანტთან" განმარტავს, სამკურნალო-ბალნეოლოგიურ კურორტზე ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში არ განვითარებულა, რაც ტურისტების რაოდენობაზე და რეგიონის განვითარებაზე აისახება.
დვალიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსგან კურორტი 1996 წელს იყიდა, თუმცა, ფინანსური რესურსების არქონის გამო, ადგილზე 8 კოტეჯის მეტი ვერ ჩადგა. კურორტის მფლობელი ამბობს, რომ 2008 წელს აგვისტოს ომამდე ისრაელელი ინვესტორი რეალურად იყო დაინტერესებული ინვესტიციის განხორციელებით, თუმცა ომმა გარიგება ჩაშალა. დვალიშვილის თქმით, მას შემდეგ მასთან რეალური მყიდველი არ მისულა.
მისივე ინფორმაციით, კოტეჯებში დასვენება (1 დღე 3-ჯერადი კვებით) 28 ლარი ჯდება. თუმცა ინტერესი ნაკლებია. „უცხოელები კურორტზე დასვენებით არ ინტერესდებიან იმის გამო, რომ სათანადოდ არ არის გაკეთებული, ადგილობრივებს კი ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ. ვინც კი ჩამოდის, ყველა მეუბნება, რომ 28 ლარი 1 დღისთვის ბევრია. ვისაც სჭირდება სულორის სამკურნალო წყალი, ისიც ვალით ჩამოდის"-აცხადებს დვალიშვილი.
კურორტი „სულორი" რომ მიტოვებულია და სავალალო მდგომარეობაშია, ამას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეც აღიარებს. მისი თქმით, ადგილზე ინფრასტრუქტურა არსებობს, თუმცა იმ დონეზე არა, რაც ტურისტების მისაღებად არის საჭირო.
ჭიჭინაძის თქმით, ადგილობრივ ხელისუფლებას გეგმაში აქვს შეხვდეს ყველა დაინტერესებულ ინვესტორს და კურორტის განვითარება შესთავაზოს. გუბერნატორი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში უკვე ელოდებიან სულორის განვითარებით დაინტერესებულ რამდენიმე ინვესტორს, რომელსაც ამჟამინდელ მფლობელთან დააკავშირებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყანაში ახალი კურორტების განვითარების აუცილებლობაზე მიმდინარე წლის მარტში ისაუბრა. მისი განცხადებით, ხელისუფლება მუშაობს 4-სეზონიანი კურორტების განვითარებაზე - იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, როგორც მთის კურორტებზე, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით, მუშავდება ახალი ტურისტული პროდუქტები.
„სულორი" ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. უშუალოდ კურორტის დაქვემდებარებაშია 3 ჰექტარი ტერიტორია. იგი მდებარეობს აჭარა-ახალციხის მთის კალთებზე, ვანის რაიონის ცენტრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით 9 კმ-ის დაშორებით მდინარე სულორის (რიონის მარცხენა შენაკადი) ნაპირებზე, ზღვის დონიდან 250 მეტრზე.
კურორტ სულორის სამკურნალო წყლები ადრე დვალიშვილების აბანოების სახელწოდებით იყო ცნობილი. დამსვენებლების კურორტით დაინტერესებას თერმული რადიაქტიური მინერალური წყლები განაპირობებს, რომლის ტემპერატურა, როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის პერიოდში 38 გრადუსს აღწევს. იყენებენ აბაზანებისათვის საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფერიული ნერვული სისტემის და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.