მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  მარტი  2018

    ბინათმშენებლობის ბუმი თბილისში​ – ​როგორ იქმნებოდა დიდი საცხოვრებელი მასივები

    1960 წელს დამტკიცდა “დიდი თბილისის” ახალი საზღვრები, რომლის შიგნით მოექცა სოფლები: ბაგები, ოქროყანა, დიღომი, ზემო და ქვემო ავჭალა, სოღანლუღი (ფონიჭალა). დედაქალაქის მთელი ტერიტორია 26070 ჰა-ს წარმოადგენდა, აქედან განაშენიანებულ მიწებს 7 900 ჰა ეკავა; ხოლო სარეზერვო ფონდი – 11820 ჰა ადრე არსებულ საგარეუბნო რაიონის საბჭოთა მეურნეობებს ეკუთვნოდა. ქალაქმა ზრდა დაიწყო დიღმის, ავჭალა-გლდანის და ლილოს მიმართულებით. ამ პერიოდში მიმდინარეობდა საბურთალოს ინტენსიური განაშენიანება, რომელიც პირველი უდიდესი საცხოვრებელი მასივი იყო თბილისის ქალაქმშენებლობის ისტორიაში.


    1960 წელს იწყება დიღმის საცხოვრებელი მასივის მშენებლობა. 26 კომისრის სახელობის რაიონში, კახეთის გზატკეცილის გასწვრივ და მის მარცხნივ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიქმნა დიდი საცხოვრებელი მასივი. სწრაფად შენდებოდა ნავთლუღის მთავარი მაგისტრალი – მოსკოვის პროსპექტი, რომელიც რკინიგზის სადგურის წინ შექმნილი მოედნიდან ავეჯის კომბინატამდე გრძელდება.


    60-70 იან წლებიდან ინტენსიური სამოსახლო განაშენიანება მიმდინარეობს, როგორც შედარებით ძველ მასივებში, ასევე ქალაქის ახალ პერიფერიულ ნაწილშიც (ღრმაღელე – თემქის დასახლება, ავჭალა, გლდანი, ბაგები, ორთაჭალა, კრწანისი). ამ პერიოდიდან იზრდება საცხოვრებელი სახლების სართულიანობაც და იცვლება კვარტლების არქიტექტორული სახე. ახალი საცხოვრებელი უბნებიდან ტერიტორიის და საბინაო ფონდის სიდიდით გამოირჩევა გლდანის და მუხიანის დასახლებები, ვარკეთილის მასივის კვარტლები და აეროდრომის დასახლება (საქარხნო რაიონი), სამგორის ვაზისუბნის დასახლებები, ნუცუბიძის პლატოს მიკრორაიონები, ნუცუბიძის ფერდობის მესამე მიკრორაიონის კვარტლები და ვაშლიჯვრის დასახლება. უკანასკნელი უბნები, როგორც ვარკეთილის ზედა პლატოს, ბაგების, იყალთო-ბახტრიონის გორაზე და ვერეს ხეობაში გაშენებული საცხოვრებელი სახლები თბილისის დანაწევრებული და მთაგორიანი რელიეფის ათვისების მაგალითია.


    ​თბილისი საბჭოთა პერიოდში, ვერტიკალური განაშენიანების უდიდეს “პოლიგონად” იქცა. უკანასკნელ პერიოდში ქალაქის ცენტრში მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციული სამუშაოების შედეგად, რამდენიმე ახალი საცხოვრებელი უბანი შეიქმნა (ვარაზისხევში – კეკელიძის ქუჩა, საბურთალოზე – დოლიძის და ხილიანის ქუჩებზე). 1985 წლისთვის ქალაქის ტერიტორიამ 35,0 ათას ჰა-ს ხოლო განაშენიანებულმა ფართობმა 14,0 ათას ჰა-ს მიაღწია.


    ​თბილისის ქალაქმშენებლობის ხანგრძლივ ისტორიაში ტერიტორიული ზრდის რამდენიმე ძირითადი პერიოდი შეიძლება გამოიყოს. თითოეული მათგანი დროითი მონაკვეთები სხვადასხვაა და იმ არსებით სოციალურ-პოლიტიკურ და ტექნიკურ ეკონომიკური ხასიათის ძვრებს შეესაბამება, რომლებსაც ადგილი ჰონდა ამ მარადიული ქალაქის ცხოვრებაში.
    1. ფეოდალური ქალაქის არასტაბილური და მეტად ნელი ტერიტორიული ზრდის ხანგრძლივი ხანა, რომელიც გრძელდებოდა XIX საუკუნემდე.


    2. კაპიტალისტური ქალაქის თანდათანობით, ზომიერი ტემპით ზრდის ხანა, რომელიც მოიცავდა XIX საუკუნეს და XX საუკუნის დასაწყისს (საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე).
    3. სოციალისტური ქალაქის ინტენსიური ტერიტორიული ზრდის ხანა საბჭოთა ხელისუფლების წლებში (1921 წლიდან).


    საბჭოთა პერიოდიდან (1956 წლიდან) იწყება ახალი ტერიტორიების შემოერთების და მასობრივი სამოსახლო განაშენიანების ინტენსიური ზრდა, რაც მიზნად ისახავდა მშენებლობის მასობრიობას, ეკონომიურობას და ინდუსტრიალიზაციას. მშენებლობაში ფართოდ ინერგება ტიპობრივი პროექტები, სულ უფრო მეტად გამოიყენება თანამედროვე საშენი მასალები და კონსტრუქციები. ამასთან დაკავშირებით მკვეთრად იცვლება თბილისში საბინაო მშენებლობის მასშტაბები და ხასიათი. უპირატესად ქალაქის გარეუბნებში. ჩნდება ახალი კვარტლები და მიკრორაიონები.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები