სიახლეები
-
08 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობა განახლდება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ სენაკში ცემენტის ქარხნის მშენებლობა ერთი თვის ვადაში განახლდება,- ამის შესახებ bm.ge-ს შპს "ქართული სამშენებლო მასალების კომპანიის" ხელმძღვანელმა მინდია გუმბარიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, სენაკში 120-მილიონიანი ცემენტის ქარხნის პროექტში ცვლილებები შედის, რამაც დაახლოებით 7-8 თვე წაიღო.
„ტექნიკურად შეიცვალა პროექტში კომპონენტები - რომელი დანადგარი სად უნდა განთავსდეს, ადგილმდებარეობა შეიცვალა ტექნიკამ და ა.შ. ამას დაერთო ახალი გეოლოგიური კვლევები, რის გამოც დრო წავიდა“,- აცხადებს მინდია გუმბარიძე.
მისი თქმით, პროექტის დასრულება დასკვნით ფაზაშია, ხოლო კარიერზე გზის მიყვანის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა.
სენაკში 120 მილიონის ღირებულების ცემენტის ქარხნის პროექტი ერთ წელზე მეტია შეჩერებულია. პროექტის ერთ-ერთმა ინვესტორმა ცეზარ ჩოჩელმა "საქმის კურსს" ჯერ კიდევ გასული წლის მარტში განუცხადა, რომ პროექტში გარკვეული ცვლილებები შედიოდა, რის გამოც ქარხნის მშენებლობა დეკემბრიდან დაპაუზებული იყო.
ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება გასული წლის ზაფხულში დაიწყო.
2016 წლის აპრილის თვეში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს-მენეჯმენტის კომპანიას, ჰუალინგ ჯგუფსა და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და "შპს. შავი ზღვის ცემენტის" კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.
სამშენებლო ტერიტორია 20 ჰექტარზე მეტს მოიცავს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მუშახელი.ტეგები