მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  მარტი  2018

    თსუ-ს მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოწყობაზე ტენდერი გამოცხადდა

    თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველობილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე თბილისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
    ​სატენდერო განაცხადების შესახებ დოკუმენტაციის მოძიება დაინტერესებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შეუძლიათ, რომელიც წარმოადგენს საქართველოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის ოფიციალურ პორტალს.
    საპროექტო ობიექტი მდებარეობს საბურთალოს რაიონში, იწყება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან, გაივლის სანდრო ეულის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირს, მარიჯანის ქუჩას, ქავთარაძის ქუჩას, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირს და მთავრდება პეკინის გამზირზე, სადაც უნდა მიუერთდეს არსებულ ველობილიკს. სატენდერო დოკუმენტის თანახმად, საპროექტო ველო-ბილიკის სავარაუდო სიგრძე 5100 მ-ია (დაზუსტდეს პროექტირებისას), ხოლო სიგანე ერთი მიმართულებით უნდა იყოს 1,5 მ. ორივე მიმართულებით კი ველობილიკის საერთო სიგანე უნდა შეადგენდეს 3 მ-ს.
    მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს საპროექტო უბანზე სრულყოფილი საველე საკვლევაძიებო სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისი საგზაო სამოსის გათვალისწინებით ახალი ველობილიკის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას.
    გეგმაში ველობილიკი ძირითადად უნდა მოეწყოს ტროტუარის გვერდით არსებულ გზის სავალ ნაწილზე, ხოლო სიმაღლეში იმგვარად უნდა დაპროექტდეს, რომ გათვალისწინებულ იქნას წყლის აცილება, როგორც საპროექტო ბილიკზე, ასევე არსებულ ტროტუარზე და დარჩენილ გზის სავალ ნაწილზე. ამისათვის საჭირო გახდება ტროტუარის ბორდიურთან არსებული სანიაღვრე ჭების დემონტაჟი და ახალი ჭების მოწყობა ველობილიკის ახალ ბორდიურებთან.
    გარდა ამისა, მომსახურების მიწოდება მიზნად ისახავს ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო

    -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას. გამწვანებული ტერიტორიების რეაბილიტაცია მოიცავს არსებული თარგების პერიმეტრზე ბორდიურის შეკვრას (არსებულის გასწორებას ან ახლის მოწყობას), მიწის ნოყიერი ნაზავის შეტანას, სარწყავი სისტემის მოწყობას და დენდროლოგიური პროექტის (ლანდშაფტის დიზაინის) მომზადებას.

    დენდროლოგიური პროექტის მომზადებისას გასათვალისწინებელია თარგებში ამჟამად არსებული სხვა და სხვა სახეობის ბუჩქოვანი მცენარეები და ხეები, რომელთა ნაწილი შესაძლებელია დაექვემდებაროს გადარგვას. საჭირო იქნება წყლის დაერთების წერტილების შეთანხმება GWP-სთან.
    საპროექტო ობიექტის საორიენტაციო ფართობია – 8000 მ2. დაურეგისტრირებელ ან ცდომილებით დარეგისტრირებულ თარგებზე შესადგენია საკადასტრო ნახაზი, შემდგომი რეგისტრაციის მიზნით.


    მიწოდების ვადაა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 80 (ოთხმოცი) კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).
    პრეტენდენტს 2015 წლის პირველი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ოდენობით გზების ან ველობილიკების, ტროტუარების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია -მოდერნიზაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის, მათ შორის ერთ ობიექტზე არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ღირებულების გამოცდილება.
    წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყო და 5 მარტის 16:00 -მდე გრძელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 31 860 ლარს შეადგენს.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები