სიახლეები
-
02 მარტი 2018
თქვენი რეკლამა
სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ „სვეტის“ მენეჯმენტთან კითხვები აქვს
კომპანია სვეტი“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგთან“ სამშენებლო გრაფიკის დარღვევას და ხელშეკრულების გაწყვეტას სამშენებლო სექტორში არსებულ რეგულაციებს უკავშირებს - ამის შესახებ „კომერსანტს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა თეონა კვიციანმა განუცხადა.
როგორც ცნობლია, „ალდაგში“ „სვეტის“ ორი პროექტია (სამშენებლო გრაფიკის დაზღვევა) დაზღვეული,- თბილისში, მირცხულავას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობა და ბათუმში, თამარ მეფის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი.ხელშეკრულების მიხედვით, მირცხულავას პროექტი 2019 წლის ივნისის თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, „სვეტმა“ ხელშეკრულება ორივე პროექტზე შეწყვიტა.
ასევე ირკვევა, რომ დაახლოებით ორი თვეა ,,სვეტს“ არც სადაზღვევო პრემიის ღირებულება აქვს გადახდილი.
„2018 წლის 24 იანვარს, მათ გაეგზავნათ გაფრთხილება სამშენებლო გრაფიკთან დაკავშირებით და განესაზღვრათ 90 დღიანი ვადა, რომელიც 2018 წლის აპრილის ბოლოს იწურებოდა. შესაბამისად, ამ ვადის დადგომამდე მათი მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა“-აცხადებს კვიციანი.
რატომ ამბობს უარს სამშენებლო კომპანია „სვეტი“ სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებაზე და რატომ შეწყვიტა ხელშეკრულება?
სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი თეონა კვიციანი განმარტავს, რომ კომპანია „სვეტი“ „ალდაგისთვის“ გამოგზავნილ წერილში ადასტურებს გრაფიკთან ჩამორჩენის ფაქტს, თუმცა, მიუთითებს, რომ აღნიშნული არა ფინანსური პრობლემებით, არამედ, სამშენებლო სფეროში რეგულაციების ცვლილებითაა გამოწვეული.
„კომპანია „სვეტში“ მიაჩნიათ, რომ თანხები მაქსიმალურად მობილიზებული და მიმართული უნდა იყოს სამშენებლო პროცესისკენ. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ისინი ამ დაზღვევის ინტერესს ამ პერიოდში ვერ ხედავენ. შესაბამისად, ხელშეკრულების ვადაზე ადრე გაწყვეტის წერილი ამიტომ მოიწერეს“-აცხადებს კვიციანი.
კითხვაზე, ხომ არ შეიძლება „ალდაგსა“ და „სვეტს“ შორის არსებული უთანხმოება სასამართლოს გზით გაგრძელდეს, კვიციანი განმარტავს, რომ სასამართლოსთვის მიმართვა არ განიხლება, რადგან „სვეტის“ მხრიდან მოლაპარაკების შემოთავაზებაა წამოსული.
მისი განცხადებით, დაზღვევის ხელშეკრულებით, თავის მხრივ, „სვეტი დეველოპმენტი“ იღებდა ვალდებულებას, რომ კანონის დაცვით მოახდენდა სამშენებლო სამუშაოების წარმოებას. ამასთან, მათ მიერ, დაზღვევის მიზნით წარმოდგენილი იყო სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკი. სწორედ ამის მიხედვით მოითხოვა „სვეტმა“ დაზღვევა.კვიციანის განმარტებით, თუ კი მოხდებოდა ისე, რომ სამშენებლო სამუშოების წარმოების პერიოდში „სვეტის“ მიერ ვერ იქნებოდა სწორად ორგანიზებული სამშენებლო სამუშოები და მოხდებოდა გრაფიკთან ჩამორჩენა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ მათ გარკვეულ ვადას განუსაზღვრავდა იმისთვის, რომ ეს ჩამორჩენა გამოესწორებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში „სვეტი დეველოპმენტი“ ვალდებული იყო, სადაზღვევო კომპანია „ალდაგისთვის“ ამ პროექტთან დაკავშირებით ყველა უფლებამოსილება გადმოეცა.
„ამის შემდეგ ახალი სამშენებლო კომპანიის მოძიება, ტენდერის გამოცხადება, პროცესში სხვა აუცილებელი კონტარქტორების ჩართვა, სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პაუხისმგებლობას წარმოადგენდა. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო ურთიერთობები გაგრძელდებოდა.
კვიციანი აცხადებს, რომ მოცემული მომენტისთვის სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პასუხისმგებლობა ხელშეკრულების მიხედვით დამდგარი არ არის.
ამასთან, მას შემდეგ, რაც სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ მათ წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა როგორც სამშენებლო გრაფიკთან მიმართებაში, ასევე სადაზღვევო დავალიანებასთან მიმართებაში, 2018 წლის 23 თებერვალს „სვეტი დეველოპმენტმა“ , ისევე როგორც „სვეტი ჯგუფმა“ წერილობით მომართეს „ალდაგს“ და დაზღვევის ხელშეკრულება ვადამდე ადრე შეწყვიტეს.
„ამასთან, დავალიანებასთან მიმართებაში მიუთითეს, რომ ითხოვენ შეხვედრას სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ხელმძღვანელობასთან იმისთვის, რომ მოხდეს მოლაპარაკება ამ დავალიანების ისეთი გრაფიკით დაფარვის თაობაზე, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ პირველ რიგში თანხები მშენებლობის პროცესისათვის და მათი მენაშენეების ინტერესების დაკმაყოფილებისთვის მიმართონ“ - აღნიშნავს კვიციანი.
მისი განმარტებით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით კითხვები „სვეტის“ მენეჯმენტთან აქვს. კვიციანი აცხადებს, რომ ორივე მხარის პოზიცია და სამოქმედო გეგმა ერთობლივი შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული წერილი შემოსულია 23 თებერვალს, ჯერჯერობით კონტაქტი მენჯმენეტებს შორის არ შემდგარა. ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეხვედრა დაიგეგმება“-აცხადებს კვიციანი.
კითხვაზე, რა მოცულობის თანხა აქვს „სვეტს“ სადაზღვევო კომპანია „ალდაგისთვის“ გადასახდელი, კვიციანი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა, განმარტავს, რომ საუბარი საკმაოდ სოლიდურ თანხებზეა იმის გათვალისწინებით, რომ ვადამდე ხელშეკრულების შეწყვეტისთვის გათვალისწინებული საკმაოდ მაღალი პირგასამტეხლო იყო.
„ჯამურად არ არის პატარა თანხაზე საუბარი, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ მხარეთა შორის მოლაპარაკება არ შემდგარა და ვერ გეტყვით რა განვითარება იქნება ამ მიმართულებით“-აცხადებს კვიციანი.
რაც შეეხება თავად სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ადმინისტრაციას, „კომერსანტი“ ცდილობს მათთან დაკავშირებას თუმცა, უშედეგოდ. კომპანიაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე კი აღნიშნული აქვთ, რომ ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოხდა ცვლილებები სამშენებლო რეგულაციებსა და კოდექსში, რის საფუძველზეც რამდენიმე შენობა-ნაგებობის მშენებლობა დროებით შეჩერდა. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ 41-ე მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილება, რის მიხედვითაც მოხდა დადგენილების ტექნიკური მოთხოვნების გავრცელება, წარსულ პერიოდში შეთანხმებულ განაშენიანების რეგულირების გეგმებსა და არქიტექტურულ გეგმარებით დავალებებზე. ბუნებრივია ამან გამოიწვია არქიტექტურული პროექტების გადაკეთების აუცილებლობა.
„41-ე მთავრობის დადგენილების პირვანდელი მოცემულობით, რეგულაციები არ ვრცელდებოდა წარსულში შეთანხმებულ პროექტებზე და ჩვენი კომპანიაც არსებული მოცემულობით ახდენდა არქიტექტურული პროექტების წარდგენას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენი პროექტები მოიცავს ახალი რეგულაციების თითქმის უმეტეს ნაწილს.
ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ქალაქ თბილისის მერიასა და საკრებულოსთან რის საფუძველზეც უნდა მოხდეს რიგი შეთანხმებების მიღწევა, რათა უმოკლეს ვადებში დავუბრუნდეთ სამშენებლო სამუშაოებს ამ მომენტისათვის შეჩერებულ კორპუსებზე. რა თქმა უნდა ეს არ ეხება იმ ობიექტებს სადაც მომდევნო თვეებში უნდა დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები, რადგან ამ კონკრეტულ შემთხვევაში მიმდინარეობს არქიტექტურული პროექტების გადაკეთება ჩვენი არქიტექტორების მიერ რათა გათვალისწინებული იქნას ახალი რეგულაციები. პროექტები თვის ბოლოს იქნება ატვირთული მერიის ვებგვერდზე„-ნათქვამია „სვეტის“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ტეგები