მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  თებერვალი  2018

    კახა კალაძე სამშენებლო ადგილებზე სატვირთო მანქანების გასარეცხი ტერიტორიების გამოყოფას ითხოვს

    დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამშენებლო ადგილებზე სატვირთო მანქანების გასარეცხი ტერიტორიების გამოყოფას ითხოვს. როგორც კალაძე აცხადებს, სატვირთო ავტომობილები, რომლებიც სხვადასხვა მშენებლობებს ემსახურებიან, ქალაქს აბინძურებენ. დედაქალაქის მერს ამ ინიციატივას დეველოპერების ერთი ნაწილი უწუნებს, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ „იდეა კარგია“.


    სამშენებლო ადგილებზე სატვირთო მანქანების გასარეცხი ტერიტორიების გამოყოფასთან დაკავშირებით ინიციატივა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე გაახმოვანა. ამასთან, მან თხოვნით მიმართა თბილისის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებს, რომ არცერთი ნებართვა არ გასცენ, თუკი სამშენებლო ადგილებზე არ მოეწყობა ადგილი, სადაც მანქანების ჩამორეცხვა იქნება შესაძლებელი.


    „კომერსანტი“ დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია სამშენებლო ადგილებზე ასეთი ტერიტორიების მოწყობა და საერთოდ, ამჯერად ირეცხება თუ არა სამშენებლო მასალებით დატვირთული ავტომანქანები ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ.


    სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მერის ახალი ინიციატივა სწორია, თუმცა მისი თქმით, პრობლემა თავად იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა უნდა მოაგვარონ, რომლებიც ობიექტებს სამშენებლო მასალით ამარაგებენ.


    „ჩემი აზრით, თავად ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებმა უნდა უზრუნველყონ, რომ სანამ ქარხნიდან გამოვლენ და შემდეგ უკვე დაბრუნდებიან, გარეცხონ. ასევე, ბევრი ბეტონი არ ჩაასხან, რომ ქუჩები არ დააბინძურონ. დიდმა კომპანიებმა რომ მოაწყონ სამრეცხაო კუთხე, ურიგო არ იქნება, მაგრამ პატარა დეველოპერულ კომპანიებს გაუჭირდებათ, ტერიტორიის პრობლემა იქნება. მითუმეტეს, როცა კერძო სახლის მშენებლობებია. ზოგჯერ ფართი ისეთი მცირეა, ბეტონი რომ მიიღონ, ქუჩაში აყენებენ მანქანას“, - აცხადებს ჯაყელი.

    მისივე თქმით, აუცილებელი იქნება კონსულტაციები, რომ ახალმა ინიციატივამ დეველოპერები არ დააზარალოს.


    „ნებართვების გაცემებზე ამ კომპონენტმა გავლენა არ უნდა იქონიოს. ამიტომაც სწორი მიდგომაა საჭირო, რომ ახალმა ინიციატივამ დეველოპერული ბიზნესი არ დააზარალოს. გადაწყვეტილება სატრანსპორტო კომპანიებს, ბეტონის ქარხნებსა და სამშენებლოებს შორის ერთობლივი კონსულტაციებით უნდა იქნეს მიღებული. ჯობს სატვირთო მანქანებმა ნაკლები ბეტონი ჩაასხან და ტრანსპორტირება ცოტათი გაძვირდეს, ვიდრე ქალაქი დაბინძურდეს. ასევე, შეიძლება ობიექტი ისე მოეწყოს, რომ აქედან გასულ სატვირთო მანქანას გარეთ ტალახი არ გაჰყვეს. მაგალითად, ობიექტი „მოიხრეშოს“, - აცხადებს არჩილ ჯაყელი.



     



    სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი აკაკი სონგულია „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სამრეცხაო ფართის მოწყობას თავიდანვე სწორი დაგეგმვა უნდა და სირთულეც აღარ იქნება.



    „მერის ახალი ინიციატივა კარგია. ჩემს ობიექტზე სამრეცხაო ადგილი მოწყობილი მაქვს. სპეციალური ცხაური და ჭა არის და ჩვენთან შემოსული ყველა სატვირთო მანქანა „კერხერით“ ირეცხება. ევროპაშიც ასეთი სტანდარტებია, ქუჩაში ჭუჭყიან მანქანას არავინ გაატარებს. ნებისმიერ მშენებლობაზე არის ტერიტორიის 30%, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით შეიძლება გამოიყენო, მათ შორის მოაწყო სამრეცხაო ადგილი. რა თქმა უნდა, რაღაც მომენტში სიტუაციას გაართულებს საინჟინრო კუთხით, რადგან სწორი დაგეგმვა იქნება საჭირო, რომ ობიექტზე მინი-სამრეცხაო მოეწყოს. საბოლოო ჯამში, კი სირთულეს არ წარმოადგენს. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს კი არ არის მთავარი, არამედ ის, რომ ქალაქში სუფთა სატვირთო მანქანებმა იარონ“, - აცხადებს აკაკი სონგულია.

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები