სიახლეები
-
17 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
5-წლიანი ლოდინის შემდეგ, ბათუმში "ანბანის კოშკი" იხსნება
5- წლიანი ლოდინის შემდეგ, მიმდინარე წლის ივნისში ბათუმში, განახლებული ანბანის კოშკი გაიხსნება. როგორც ანბანის კოშკის მმართველი ესპანური კომპანიის Boost Spain-ის წარმომადგენელი „მარკეტერთან" აცხადებს, კოშკი სიმაღლით 137 მეტრია და 5 პანორამული ლიფტითაა აღჭურვილი. ზედა სართულზე იქნება ობსერვატორია და ტურისტული ზონა. ობსერვატორიის ქვედა სართულს მბრუნავი რესტორანი დაიკავებს, რომელიც 1 საათში სრულ ბრუნს აკეთებს და ბათუმის პანორამა იშლება. მისივე თქმით, სამომავლოდ ქვედა სართულზე განთავსდება ოფისები, საკონფერენციო სივრცეები, ტერასა და ლაუნჯი. ირინა ხომასურიძე ამბობს, რომ ანბანის კოშკს უკვე ბევრი უცხოელი ტურისტი სტუმრობს, თანამშრომლობენ თბილისისა და ბათუმის ტურიზმის დეპარტამენტებთან და სურთ, რომ კოშკში მისულ ტურისტებს საქართველოს შესახებ მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ. მისივე თქმით, ამ ეტაპზე იწყება მომსახურე პერსონალის შერჩევა. ანბანის კოშკში ობსერვატორიისა და ქვედა ტერასის გახსნა 21 ივნისს იგეგმება, რესტორანი ივლისის ბოლოს გაიხსნება, საკონფერენციო დარბაზები კი წლის ბოლოს დაიწყებს ფუნქციონირებას.
Boost Spain ესპანეთში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელსაც საზღვარგარეთ მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საქართველოში კი ის მხოლოდ 2015 წელს შემოვიდა. კომპანია ბათუმში კიდევ ერთ ობიექტს, ერას მოედანზე მდებარე ესპანურ რესტორანს „ლიზარანის" ფლობს.
კოშკი ესპანურ კომპანიას 20 წლით მართვის უფლებით, ერთ ლარად 2015 წლის ივლისში გადაეცა. ანბანის კოშკში განხორციელებული ინვესტიცია ჯამში 1.2 მილიონ დოლარამდე იქნება.ანბანის კოშკი ბათუმში მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით აშენდა და პროექტის განსახორციელებლად 64 მილიონი ლარი დაიხარჯა. შენობა ესპანელმა არქიტექტორმა, ალბერტო დომინგო კაბომ დააპროექტა. 2011 წელს აშენებული ობიექტი ამ დრომდე სრულად უფუნქციო იყო.