სიახლეები
-
17 ივნისი 2016
თქვენი რეკლამა
"ჯორჯიან მანგანეზმა" მოპოვებითი სამუშაოები განაახლა
"ჯორჯიან მანგანეზის" სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მუშაობის სპეციალური რეჟიმი მოხსნა. 20 მაისიდან "ჯორჯიან მანგანეზმა" განაახლა მოპოვებითი სამუშაოები და გააუქმა სპეციალური რეჟიმი, რომელიც შემოღებულ იქნა მსოფლიო მეტალურგიულ ინდუსტრიაში შექმნილი კრიზისისა და საწარმოში დაგროვილი მადნის ჭარბი რაოდენობის გამო.
სპეციალური რეჟიმი, რომელიც კომპანიამ 20 იანვარს გამოაცხადა, 3700 დასაქმებულიდან 3400-ს შეეხო. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ პერიოდის განმავლობაში "ჯორჯიან მანგანეზმა" დასაქმებულებს სრულად შეუნარჩუნა 60%-იანი ანაზღაურება და სამედიცინო დაზღვევა. ასევე მოხდა იმ დასაქმებულთა საბანკო დავალიანების დაფარვა, ვინც კომპანიას ამის თხოვნით მიმართა.
სპეციალური რეჟიმის მოხსნის შემდეგ "ჯორჯიან მანგანეზის" კუთვნილებაში არსებულმა შვიდმა მაღარომ და ღია კარიერმა მადნის მოპოვებითი სამუშაოები სრული დატვირთვით განაახლეს.
მუშაობის სპეციალური რეჟიმის პირობებში "ჯორჯიან მანგანეზმა" კომპლექსური სამშენებლო სამუშაოები ჩაატარა. სრულად გარემონტდა და კეთილმოეწყო ე. წ ბაზალტების მაღარო, სადაც მადნის მოპოვებითი სამუშაოები ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სპეცტექნიკის საშუალებით მადნის მოპოვებისა და გამოტანის პროცესის ოპტიმიზაცია აისახება მადნის მოცულობის წარმადობაზე , რაც ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს დასაქმებულთა ფიზიკურ შრომას.
მუშაობის სპეციალური რეჟიმის განმავლობაში ასევე გარემონტდა და მოეწყო მაღაროელთა მოსასვენებელი სახლი, ყოფილი სანატორიუმის შენობა და ცენტრალურ დამყვან ფაბრიკასთან რეკონსტრუირება ჩაუტარდა ერთკილომეტრიან გზის საფარს. კომპანიამ განახორციელა შეკეთებითი სამუშაოები მაღაროს შიდა ტექნიკურ მოწყობილობებზე და შეიძინა ახალი სპეც ტექნიკა.