სიახლეები
-
12 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
დეველოპერები გელოგებისა და სეიმოლოგების მოსაზრებას აფასებენ
კომპანია „GDG+“-ის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე არ ეთანხმება სეისმოლოგებისა და გეოლოგების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი აშენებული ან მშენებარე კორპუსები არამდგრადია. მისი თქმით, დედაქალაქში არ მოიძებნება მშენებელი, ვინც გელოგიურ დასკვნას არ გააკეთებს, რადგან აღნიშნული ყველაზე მნიშვნელოვანია კონსტრუქციული სქემის შესადგენად.
„არ ვიცი რა ხდება რეგიონებში, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქალაქში რომელიმე კორპუსი სეისმურად არამდგრადი და საშიში იყოს. პირადად, ჩვენ ყოველთვის პროფესიონალ გეოლოგებთან დავდივართ. რაც შეეხება თავად მშენებლობის ხარისხს, სიმართლეა, რომ ეს მხარე ძველი ნორმებით რეგულირდება, თუმცა, არსებობს პროგრამა , რომელიც მაღალ დონეზეა შემუშავებული და სწორედ ამის მიხედვით ვმოქმედებთ, ამიტომ არც ამ მიმართულებაშია რაიმე ხარვეზი“,- აცხადებს წაქაძე.
ბეჟან წაქაძის პოზიციას იზიარებს კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაურიც. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის შესახებ მუშაობა ინდივუდუალურ მიდგომას საჭიროებს.
„რის საფუძველზე აკეთებენ სეისმოლოგები და გეოლოგები ამ განცხადებას, ჩემთვის გაუგებარია. თუ არის კონკრეტული შემთხვევა და გაკეთდა ექსპერტიზა, მაშინ ეს საქმე ინდივიდუალურად უნდა შეისწავლონ“,-აცხადებს კუნელაური.
მისივე თქმით, არასწორია გეოლოგების ლიცენზირების დღის წესრიგში დაყენების საკითხიც, რადგან ამ გზით შესაძლოა კორუფციის ახალი წყარო გაჩნდეს.
„არ ვეთანხმები არც გეოლოგების ლიცენზირების აუცილებლობას, ეს არ არის კვალიფიცირებული საქმის განმსაზღვრელი. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე კომპანიას ლიცეზია მიენიჭება, ამან შესაძლოა კორუფციის ახალი წყარო გააჩინოს და ბაზარზე გარკვეული პროდუქტების მიღების შესაძლებლობაც გააძვიროს. ზოგადად მიმაჩნია, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში პროცესები ნაკლებად ბიუროკრატიული უნდა იყოს და იმედია ასეც იქნება“,-განმარტავს კუნელაური.
ის, ვინც აღნიშნულ მიმართულებაში შესაძლო ხარვეზებს ეთანხმება, ეს კომპანია „საბა კონტრაქშენის“ ხელმძღვანელი ლევან თარგამაძეა. როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, კერძო დაკვეთებზე არ ვრცელდება სავალდებულო ზედამხედველობა, ამიტომ შეცდომები შეიძლება არსებობდეს.„ჩვენი მიმართულება საბინაო კორპუსების მშენებლობა არ არის. ძირითადად სახელმწიფო პროექტებზე ვმუშაობთ, სადაც სავალდებულო ზედამხედველობის სხვა სისტემაა. რაც შეეხება კერძოს, იქ შეიძლება რაიმე შეცდომები იპარებოდეს და ზედამხედველობის აუცილებლობის შემთხვევაში ხარისხი ალბათ უფრო იქნება დაცული,“-აღნიშნავს თარგამაძე.
მისივე თქმით, სხვა საკითხია კონკრეტულად სეისმური პრობლემა, რადგან გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო კონსტრუქციები გათვლილია 8 ბალიან სისტემაზე.
„როგორც ვიცი, ყველა კონსტრუქცია სწორედ 8 ბალიან სისტემაზეა გათვლილი და ის თუ ტექნიკური ნორმების დაცვითაა აშენებული, მაშინ პრობლემა არ უნდა იყოს. რაც შეეხება თავად მშენებლობის ხარისხს, ვფიქრობ კარგი სტანდარტებია ჩვენთან. უბრალოდ, მთავარია დავიცვათ ეს სტანდარტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კუთხით რაიმე მნიშვნელოვან სირთულეს ვერ ვხედავ, მაგრამ რაც შეეხება ზედამხედველობის საკითხს, ეს ალბათ საჭიროა“,- აცხადებს თარგამაძე.
გეოლოგები და სეისმოლოგები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ძლიერ მიწისძვრას მოჰყვეს. პრობლემა ქაოსური და უკონტროლო მშენებლობებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლადაშენებული კორპუსების დიდი ნაწილი საშუალო დონის მიწისძვრასაც კი ვერ გაუძლებს, ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული რეგულაციების მიღება აუცილებელია.ტეგები