მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  თებერვალი  2018

    ახალი სტანდარტები მშენებარე ბინებს გააძვირებს

    "სამშენებლო ობიექტებზე ახალი ტიპის ნორმების დაწესებამ, შესაძლოა, დედაქალაქში მშენებლობა და შემდეგ უკვე დასრულებული ბინების ფასი გააძვიროს. ამ მოსაზრების რეალურ საფუძველს იძლევა 2017 წლის 20 ნოემბრიდან 2018 წლის 17 იანვრის ჩათვლით ჩატარებული შემოწმება, რომლის საფუძველზეც სამშენებლო საკითხების მოწესრიგებაზე სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა 200-ზე მეტ ობიექტს, ხოლო 54-ს მშენებლობის უფლება შეუჩერდა. სპეციალისტები გადაწყვეტილებას ეთანხმებიან, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ასეთი მიდგომა უძრავი ქონების ფასს გაზრდის. დედაქალაქში კი ბინები ისედაც ძვირია“, - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით, მერიის ახალი სტანდარტები მშენებარე ბინებს გააძვირებს / "კონტროლი აუცილებელია, მაგრამ ეს პირდაპირ აისახება როგორც მუშაობის პროცესზე, ასევე ბინების ღირებულებაზეც"

     



    "დედაქალაქის მერიას მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი ხედვა აქვს, რაც ეხება რეგულაციებს, ახლებურ სტანდარტს, უკანონო მშენებლობასთან ბრძოლას, ეკოლოგიურ მოთხოვნებს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში უძრავი ქონების ბაზარზე ფასის გაზრდას არ გამორიცხავს სამშენებლო კომპანია "სიგმას" დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი. მისი აზრით, დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, რაც აისახება როგორც მუშაობის პროცესზე, ასევე დასრულებული ბინების ღირებულებაზეც. ლაჩაშვილის თქმით, ბოლო დროს გახშირებულია საუბარი იმაზე, რომ ახალაშენებული კორპუსები უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ნორმებს და ჰქონდეს ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც, რათა თავისუფლად და უსაფრთხოდ შეეძლოს ხალხს საჭიროების დროს ევაკუაცია. ყოველგვარი დამატებითი მოთხოვნის განხორციელება დამატებით ხარჯს უკავშირდება. ამიტომ ეს უდავოდ აისახება როგორც მუშაობის პროცესზე, ასევე დასრულებული ბინების ღირებულებაზეც“, - აღნიშნავს გამოცემა.



    "კომპანია "სიგმას“ დირექტორის თქმით, სამომავლოდ უფრო კომფორტულ და ნაკლებად სახიფათო კორპუსებზე გაჩნდება მოთხოვნა და შესაბამისი ფასიც დაედება. პირადად მე ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას და მართებულად მიმაჩნია, რომ შეჩერდა ბევრი ობიექტი დადგენილი ნორმების უხეშად დარღვევის გამო. გასაგებია, რომ მშენებლისთვის არ არის სასიამოვნო პროცედურა, მაგრამ არც ერთ ქვეყანაში მშენებლობა უკონტროლოდ არ მიმდინარეობს. ჩვენთან კი ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული. მხოლოდ დეველოპერის პატიოსნებაზეა დამოკიდებული კორპუსის გამძლეობაც და შემდგომ უკვე უამრავი ადამიანის სიცოცხლეც. როგორი მიმართულებით წაიყვანს მერია დაწყებულ საქმეს, ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ კონტროლის აუცილებლობას ყველა ვეთანხმებით. დღეს კორპუსის ჩადგმის საშუალება თუკი სადმე არის, ყველგან მშენებლობას იწყებენ. საცხოვრებელს არც ეზო აქვს, არც პარკი და არც ავტოსადგომი. სახლიდან პირდაპირ ქუჩაში გამოდიან. ესეც დამატებითი საფრთხეა მოსახლეობისთვის და აუცილებლად გასათვალისწინებელია", - განაგრძობს გამოცემა.

     



    "მშენებლობის პროცესში ყველანაირი ნორმის დაცვა უნდა მოხდეს. კომპანია "კიბის" დირექტორი ნელი გოგუაძე ამბობს, რომ დღესდღეობით დეველოპერული კომპანიები მუშაობენ დაბალ ხარისხსა და მაღალ ფასზე, რაც აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს. ნელი გოგუაძის აზრით, უსაფრთხოების ნორმა უნდა დაიცვას ყველა მშენებელმა. საჭიროა, გამოასწორონ ის ხარვეზები, რაც აქვთ მშენებლობის პროცესში. როდესაც ნორმები დარღვეულია, მისი შეჩერება სრულიად ადეკვატური მგონია. ასეთ დროს არ არის დაცული პერსონალი, რომელსაც ყოველდღიურად უწევს მუშაობა მრავალსართულიან ბინებზე, რაც ძალიან სახიფათოა. შემდგომ კი არც მობინადრეები არიან დაცულნი, ვინც ახალაშენებულ ბინებში საკმაოდ დიდ თანხას იხდის. როდესაც იწყება მშენებლობა, ყველანაირი ნორმა გათვალისწინებული უნდა იყოს და ღირებულების შესაბამისი ხარისხიც უნდა მოეთხოვოთ დეველოპერებს. ხშირ შემთხვევაში ფასს მაღალი სტანდარტებით ადგენენ, ხოლო დედაქალაქში მიმდინარე მშენებლობები, გულახდილად რომ ვთქვათ, მაღალ სტანდარტს არ შეესაბამება. ფასს მაღალს ადებენ, შემოწმებისას კი საწინააღმდეგო შედეგი გამოვლინდა. ღირებულება და ხარისხი არ შეესაბამება ერთმანეთს. ეს აუცილებლად დასარეგულირებელია. მათ ბინების ღირებულება კი არ უნდა გაზარდონ, არამედ დადგენილი ნორმები დააკმაყოფილონ", - წერს სტატიის ავტორი.

     

     

     

     

    ტეგები


პარტნიორები