სიახლეები
-
01 თებერვალი 2018
თქვენი რეკლამა
დეველოპერები მერის ინიციატივას ჯარიმების გაზრდაზე დადებითად აფასებენ
„როდესაც ჯარიმის ოდენობის გაზრდა მოხდება, კომპანიები მშენებლობაზე წესების გამკაცრებას მეტ ყურადღებას მიაქცევენ“, - დეველოპერებმა ეს განცხადება კახა კალაძის ინიციატივაზე კომენტირებისას გააკეთეს. კერძოდ, მერის თქმით, ქვეყანაში სამშენებლო უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა კომპანიებისთვის ჯარიმები გაიზარდოს.
როგორც მერიაში „კომერსანტს“ განუცხადეს ამ ეტაპზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 3 000 ლარს შეადგენს. კალაძის განცხადებით, სამშენებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, პარლამენტს მერია შეხედულებებს რამდენიმე დღეში წარუდგენს.
„ქვეყანაში სამშენებლო რეგულაციების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემა გვაქვს. ამ მიმართულებით, რეფორმები დაწყებულია. პირველი, რაც გავაკეთეთ, როდესაც დავიწყეთ მუშაობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ 41-ე დადგენილებაში – ეს არის უსაფრთხოება, სახანძრო სისტემების მოწესრიგება ყველა მშენებლობის დროს. კიდევ ბევრია გასაკეთებელი. სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც მშენებლობებზე ადამიანები იღუპებიან, გადმოვარდნის ფაქტებია. ეს იმიტომ ხდება, რომ იმდენად მცირეა ჯარიმა, ინვესტორს არ აქვს იმის მოტივაცია, რომ იქ მომუშავე ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული. როდესაც მაღალი ჯარიმები დაეკისრება ინვესტორს, მისი ინტერესი იქნება, რომ იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. შეუძლებელია, ადამიანები ახორციელებდნენ მოპირკეთებით სამუშაოებს ფასადებზე ყოველგვარი დამცავების გარეშე და იმიტომ ვიღებთ ამ შედეგს.
როდესაც იქნება მაღალი ჯარიმები, მერე ყველა დაფიქრდება და ყველას ინტერესში იქნება ის, რომ საკუთარ სამშენებლო მოედანზე მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში პარლამენტს ჩვენს შეხედულებას წარვუდგენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დეველოპერები ჯარიმების გაზრდას დადებითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ სამშენებლო სფეროში არის პუნქტები, რომელთაც დახვეწა სჭირდება. თუმცა დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯარიმების გაზრდა გარკვეულ ეტაპზე შედეგს გამოიღებს, ხოლო შემდგომ ამ პროცესმა შესაძლოა მშენებლობების შეჩერება გამოიწვიოს. როგორც სამშენებლო კომპანიების დამფუძნებლები აცხადებენ, ამ საკითხის გაჟღერება უკვე წინგადადგმული ნაბიჯია.სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ როდესაც ჯარიმა გაიზრდება კომპანიები წესების გამკაცრებას მეტ ყურადღებას მიაქცევენ. „აღნიშნულ ინიციატივაზე მერის განცხადება დროულია, რადგან უსაფრთხოებაზე ბოლო პერიოდში მსჯელობები მიდის. გარკვეული საკითხები დასახვეწია, მაგალითად საჭიროა თავად დეველოპერების მხრიდან პროფესიული ცოდნის ამაღლების კუთხით მეტი ტრენინგი ჩატარდეს.როდესაც ჯარიმის ოდენობის გაზრდა მოხდება კომპანიები წესების გამკაცრებას მეტ ყურადღებას მიაქცევენ. ჯარიმა სამშენებლო კომპანიების მფლობელებს პასუხისმგებლობას აუმაღლებს.
ჯარიმის ოდენობის გაზრდა კომპანიების ბაზრიდან გასვლას არ გამოიწვევს, რადგან უსაფრთხოების სტანდარტული ნორმები სამშენებლო კომპანიებს ისედაც დაცული უნდა ჰქონდეთ. თუ კომპანია უსაფრთხოების არ დაარღვევს თანხის გადახდა საერთოდ არ მოუწვეს“, - განაცხადა ჯაყელმა.
კიდევ ერთი დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე აცხადებს, რომ ჯარიმები უსაფრთხოების წესებს გაამკაცრებს და ამ ფაქტს ის დადებითად აფასებს.
„ჯარიმების გაზრდას მივესალმები და ამ თემის წინ წამოწევა დროულია, რადგან ეს ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტების შემცირებას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების წესებს ჯარიმები გაამკაცრებს, რადგან ყველა კანონის ფარგლებში სწორად მოქმედებას დაიწყებს. თანამშრომლებს ყველა უფრთხილდება და სამშენებლო ობიექტზე ყველა სპეციალური აღჭურვილობით შედის“, - აღნიშნა „ბინადარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვს „ GDG პლიუსის“ დამფუძნებელს ბეჟან წაქაძეს,„თუ დადგენილ კანონს არ ასრულებ ჯარიმა უნდა გადაიხადო, თუმცა არ მგონია, რომ ამ პრობლემას ჯარიმის გაზრდამ უშველოს.გაფრთხილების შემდგომ თუ კომპანია იგივე შეცდომას გაიმეორებს ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის შეჩერება უნდა მოხდეს. აქ სერიოზული კომპლექსური მიდგომაა საჭირო და მშენებლობა მხოლოდ ლიცენზირებულ კომპანიაზე უნდა გაიცეს.დღეს ბაზარზე არიან დეველოპერები, რომლებსაც მშენებლობის გამოცდილება არ აქვთ. საბოლოო ჯამში უნდა დადგეს საკითხი თუ კონკრეტულად რომელმა კომპანიებმა აწარმოონ მშენებლობა.ვისაც ეს კონკრეტული თანხა არ ექნება მშენებლობა შეჩერდება და ეს მეორე უკიდურესობაა“, - განმარტა წაქაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში ტექნიკური რეგლამენტი - „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“ ამოქმედდა.მთავრობის 620-გვერდიან დადგენილებაში საუბარია უსაფრთხოების მისაღწევად საჭირო მინიმალურ მოთხოვნებზე, როგორიცაა გასასვლელების სათანადოდ დაპროექტება, ხანძრისა თუ სხვა საფრთხეებისგან დაცვა, კიბეებისა თუ ლიფტების შესაბამისი წესების დაცვით მოწყობა და ა.შ.ტეგები